თბილისის ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ტერიტორიას შლამისგან ასუფთავებდნენ დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, შეიარაღებული ძალები და მოხალისეები. ადგილზე უამრავი ახალგაზრდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან მივიდა. ისინი შესაბამისმა სამსახურებმა ნიჩბებით უზრუნველყვეს. მოხალისეთა ნაწილი ფიზიკურად მუშაობდა, ნაწილი კი მაშველებს საკვებით უმასპინძლდებოდა. ახალგაზრდების არაერთმა ჯგუფმა და სასულიერო პირებმა დღეს ტერიტორიაზე სასმელი წყალი და საკვები მიიტანეს.
დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველებმა ზოოპარკში შლამის ქვეშ ცოცხალი ნიანგი და გარეული ტახი იპოვეს. მათ აღნიშნული ცხოველების უსაფრთხო გარემოში უვნებლად დაბრუნება მოახერხეს.
ზოოპარკის ვეტექიმის, ივანე დარასელიას ინფორმაციით, წყლის დონის დაწევის შემდეგ, წყალდიდობის შედეგად დახოცილი სამი ლომი, ერთი ვეფხვი და ორი მგელი იპოვეს. სხვა დაღუპულ ცხოველებს ამ დრომდე ეძებენ. აღმოჩენილია ასევე მაჩვზღარბა, ძაღლი, ფრინველები, ჯერჯეობით დაკარგულად ითვლება ორი ვეფხვი, ერთი დათვი და ერთი აფთარი. გადარჩენილი ცხოველების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ნაწილი მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი, ნაწილი კი - ზოოპარკში უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.
ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას დაუზუსტებელი ინფორმაციისა და ფოტომონტაჟის გავრცელებისგან თავშეკავებას მოუწოდებს.
როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშენიძემ განმარტა, გუშინ და დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ქუჩაზე ნაპოვნი არის ვეფხვი, მგელი და სხვა ცხოველები. ამ შეტყობინებების საფუძველზე ჯგუფებს უწევთ ქალაქში გასვლა. თუმცა არც ერთი ცხოველი მითითებულ ადგილას არ აღმოჩენილა.
დღის ბოლოს ნუცუბიძის მეოთხე ფერდობის მცხოვრებლებმა დათვის ბელი იპოვეს. ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა და ზოოპარკში მიყვანა მოახერხა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ხვალ პრაღის ზოოპარკის ექვსი ექსპერტი ჩამოვა, რომლებიც თბილისის ზოოპარკს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ და საჭიროებისამებრ დახმარებას გაუწევენ. საქართველოს დახმარებას სთავაზობენ იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტები, რომლებიც დედაქალაქს ხვალ ეწვევიან.
ანა მარშანია, AMBEBI.GE