მდინარე ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გარდა იმისა, რომ აუცილებელია დაწვრილებით იყო შესწავლილი მომხდარის მიზეზები, ასევე აუცილებელია ყველა იმ სტიქიურ რისკ-ზონისთვის ყურადღების მიქცევა, რაც არცთუ იშვიათად გვხვდება საქართველოში. გთავაზობთ ამ ერთი წლის წინ, გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას:
სტიქიური რისკ-ზონები
ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი (განსაკუთრებით მთიანი) ნაწილი მიწისძვრების ზოლშია მოქცეული, კავკასიაში აღრიცხული 5 000-ზე მეტი ღვარცოფული აუზიდან ნახევარზე მეტი საქართველოზე მოდის, ამიტომაც ღვარცოფული აუზების რაოდენობის, ნაკადების წარმოშობისა და განმეორების სიხშირის, სიმძლავრის, ფორმირების სირთულის და მიყენებული ზარალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ რთულ და საფრთხის შემცველ რეგიონად ითვლება. უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით, ღვარცოფული აუზები ძირითადად განლაგებულია დიდი და მცირე კავკასიონის დამრეც ფერდობებზე, ჩქარი მდინარეების ხეობების გასწვრივ.
"კვირის პალიტრა" შეეცადა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გაფრინდაშვილთან ერთად დაედგინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ცხელი რაიონები, სადაც შესაძლოა, დევდარაკის ან მსგავსი სიმძლავრის სტიქია განმეორდეს.
- ძალიან დაძაბულია მყინვარწვერის კვანძი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის ახალგაზრდა, ე.წ. ვულკანების ზონა, ისეთივე, როგორიც ქსნის სათავეებში ყელის ტბის მიდამოები, მესხეთ-ჯავახეთში - შავნაბადა, თავკვეთილი. გეოლოგიის ისტორიის მიხედვით, ბოლოს 10-12 ათასი წლის წინ გააქტიურდა თავკვეთილი ტბა ტაბაწყურთან. უფრო გვიანდელი უნდა იყოს ყაზბეგი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო ამოფრქვევა მყინვარწვერზე 2700-2500 წლის წინ მოხდა. კიდევ უფრო ახალგაზრდაა ყელის ტბის მიდამოები. სტიქიური გეოლოგიური პროცესები იყოფა ორ ნაწილად: ენდოგენური, შინაგანი - მიწისძვრა და ვულკანი; ეგზოგენური, გარეგანი - მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და ნაპირის გადარეცხვა. ქვეყნის მთავარი საფრთხეა მიწისძვრები, მეწყრები და ღვარცოფები. რაც შეეხება ვულკანებს, საქართველოში დღეს ისინი საშიში არ არის. დევდარაკის ხეობაში მოხდა მყინვარული ღვარცოფი, რომელიც დიდი აქტივობით ხასიათდება.
1832 წელს ხეობაში სამ-ოთხჯერ უფრო დიდი მოცულობის მყარი მასა ჩამოწვა, ვიდრე 17 მაისს, შეგუბებული წყალსაცავის გარღვევის შემდეგ კი ღვარცოფმა ვლადიკავკაზამდე წალეკა სოფლები. მყინვარმა მეორედ 1882 წელს შემოგვიტია. 2007 წელს, აგვისტოშიც დიდი მასა გამოიტანა. მყინვარწვერის კვანძს განეკუთვნება კოლკის მყინვარი რუსეთის ტერიტორიაზე. დევდარაკი და კოლკა ერთი სისტემაა. 2002 წელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კოლკის, იმავე კარმადონის სახელით ცნობილი ტრაგედიის დროს მყინვარულმა ღვარცოფმა შთანთქა სამასამდე ადამიანი და მათი ნახევარი დღესაც არ არის ნაპოვნი. მთლიანად დაიღუპა ფილმის გადამღები ჯგუფი.
- დევდარაკის ამბის შემდეგ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია კავკასიონის გულში ვულკანური ბიძგების გააქტიურების შესახებ...
- რუსი მეცნიერები აკვირდებიან კავკასიას, რადგან ამ მონაკვეთში შექმნილი პრობლემები მათაც ეხებათ, მაგრამ კავკასიონი ახალგაზრდა მთათა სისტემაა და გასაკვირი არ არის, თუ მის გულში აქტიური პროცესები მიმდინარეობს.