თბილისში ხანმოკლე წვიმას სტიქიის ზონებში რაიმე სახის გართულება არ გამოუწვევია. ამ დროისთვის სტიქიის ყველა ზონაში სიმშვიდეა. წვიმა დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა და ახლა თითქმის გადაიღო.
"ინტერპრესნიუსის" საქართველოს ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ დრომდე სვანიძის ქუჩაზე იმყოფება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია, ახლა ელოდებიან შესაბამისი სამსახურების ნებართვას, რომ გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდეს. კახა კალაძესთან ერთად, სვანიძის ქუჩაზე იმყოფება "საქგრუზენერგოს" ხელმძღვანელი რომა მიქაუტაძე. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები, მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები.
ანალოგიური მდგომარეობაა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე და "მზიურში," სადაც ასევე ელოდებიან ნებართვას სამუშაოების გასაგრძელებლად.
"მზიურის" პარკი და გმირთა მოედანი მოხალისეებმა ამინდის შესაძლო გაუარესების გამო დაახლოებით ორი საათის წინ დატოვეს. მათ ტერიტორიის დატოვებისკენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მოუწოდეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ვინაიდან მოსალოდნელი იყო წვიმა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვტილება, რომ დროებით სამუშაოები შეჩერდეს.
პრემიერ-მინისტრმა დღესვე მოუწოდა ყველას, მედიას, რომ ნუ გამოიყენებენ სიტყვა ევაკუაციას და მსგავს საპანიკო სიტყვებს, იქამდე ვიდრე ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი არ გააკეთებს კომენტარს.
"შექმნილია საგანგებო შტაბი, ინფორმაცია სისტემატური რეჟიმში მოგეწოდებათ, ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა თქვენ არ გაქვთ, ასე, რომ ძალიან გთხოვთ მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. ეს არის ჩემი თხოვნა იმიტომ რომ ეს არის კრიზისული ვითარება, კრიზისული სიტუაციის სწორად მართვისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობამდე. ამაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას, რომ სანამ არ მიიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას, არ გაავრცელოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში
http://www.ambebi.ge/tegebi.html?tags=71560-%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98