"ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს" - ემოციური ჩანახატი მოხალისეთა რიგებიდან

"ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს" - ემოციური ჩანახატი მოხალისეთა რიგებიდან

13 ივნისს თბილისს ნიაღვარი დაატყდა თავს და პატარა, ყველასთვის საყვარელი მდინარე ვერე გადარეულ, ბობოქარ, წყალუხვ მდინარეს დაემსგავსა, დატოვა ნაპირები და მოასკდა ახალ გზასა და ზოოპარკს. გარდაცვლილები, დაკარგულები... ამას ემატება თბილისის თითქმის ბოლომდე განადგურებული ზოოპარკი, დახოცილი ცხოველები, ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, სადაც ასევე არნახული ტრაგედია ტრიალებს, უამრავი უსახლ-კაროდ დარჩენილი ადამიანი და განადგურებული ინფრასტრუქტურა.

14 ივნისს დილიდან გმირთა მოედნისკენ დაიძრა ხალხი, მაგრამ პოლიციამ მისადგომები დაკეტა, რომ ხალხს ტექნიკის მუშაობისთვის არ შეეშალა ხელი. თავიდან მხოლოდ ჟურნალისტებსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს უშვებდნენ.

კოსტავას ქუჩიდან პოლიციის კორდონთან რამდენიმე დეპუტატთან ერთად მომიწია ლოდინი. ხალხი მატულობდა. ყველას უნდოდა სულ მცირედით მაინც დახმარებოდა ქალაქს, ზოოპარკს, დაზარალებულებს. ბოლოს შეგვიშვეს ტერიტორიაზე და აქ ვნახე ის, რამაც ამ უიმედობასა და სასოწარკვეთაში იმედი მომცა და მომავლის რწმენა ჩამისახა გულში - ადამიანები, რომლებიც გვერდიგვერდ იდგნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ.

ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს. იქვე უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ ერთ-ერთი პიცერიის თანამშრომლები მოპედებით და საჭმელსა და წყალს ურიგებდნენ მოხალისეებს, რომლებიც შეუჩერებლად განაგრძობდნენ მუშაობას და რომელთა რიცხვი არა თუ არ იკლებდა, პირიქით - განუხრელად იზრდებოდა. ბოლოს პოლიცია იძულებული გახდა, ისევ ჩაეკეტა პერიმეტრი და ხალხი მოხალისეთა საკოორდინაციო პუნქტისკენ გადაემისამართებინა.

აქვე სამხედროებმა დაიწყეს საჭმლისა და სასმელი წყლის შემოტანა. სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები გვერდიგვერდ შრომობდნენ, ებრძოდნენ უბედურებას და ამ შემართებაში ალბათ, ყველას გულში იშვა იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან სიკვდილის საშინელი ნაკვალევი იკითხებოდა - ზოოპარკის ტერიტორიაზე ჩანდა მკვდარი დათვი, რომელიც სახით დამხობოდა ფიცარს, გზის განაპირას ეგდო მკვდარი მგელი, ხის მორებითა და ტალახის სქელი ფენით დაფარულ ახალ გზაზე, ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი ავტომობილების კვალისთვის მიეგნოთ, ირგვლივ ყველაფერი ნანგრევებად ქცეულიყო, ზოოპარკი - ნაზოოპარკალად, გზა - ნაგზევად, მაგრამ ვიდექით ჩვენ, ადამიანები და თითქოს ვიღაცას ეთქვა, ამის დედაც, მოდი დავალაგოთ და გავაგრძელოთ ცხოვრებაო და ხალხიც იბრძოდა, ადამიანები არ აპირებდნენ დანებებასა და გაჩერებას, არ აპირებდნენ შეგუებოდნენ სტიქიის დამანგრეველ შედეგებს.

თურმე შეგვძლებია თვითორგანიზება, გვერდიგვერდ თანასწორად დგომა და შრომა დაუზარებლად, თავდაუზოგავად. შეგვძლებია პირადი წყენებისა და დაპირისპირებების გვერდით გაწევა. მე ვფიქრობ, სწორედ ეს ნიშნებია, რაც მოასწავებს ახალი დღის მოსვლასა და დაბადებას ჩვენ რეალობაში. სწორედ ეს დაგვაძლევინებს ყველა პრობლემას. ახლა პირველ რიგში უნდა გავწმინდოთ დანგრეული ადგილები, დავეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, ზოოპარკს და როცა მეტ-ნაკლებად ნორმალიზდება ყველაფერი, აუცილებლად უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ დისკუსიაში, უნდა დავადგინოთ რა პრინციპებით უნდა რეგულირდებოდეს და რა შეზღუდვებს უნდა დაემორჩილოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რათა სამომავლოდ თავიდან ავირიდოთ მსგავსი კატასტროფა. ჯერი პანორამა თბილისისა და მირზა შაფის პროექტებზეა. ორივე შემთხვევაში საზოგადოებისა და ხელისუფლების პოზიცია არ ემთხვევა ერთმანეთს. დროა ხელისუფლებამ დაიწყოს ადამიანების მოსმენა. მსგავსი საკითხების კოლეგიალურად და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გზით გადაწყვეტა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქალაქში მწვანე ზოლების ბეტონის ჯუნგლებისათვის შეწირვა.

გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოინახოს, მაგრამ არა საცხოვრებელი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე. იმედია ამ დიდი ტრაგედიიდან ამ მთავარ გაკვეთილს მაინც ავითვისებთ.

Toressa Mossy

სვეტი სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ფოტო: Tbilisi city hall

ასევე დაგაინტერესებთ| ფოტოგალერეა: სიკეთის ეპიდემია თბილისში: ცრემლისმომგვრელი ერთიანობა უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია