რამდენი მილიონი დასჭირდება თბილისის რეაბილიტაციას უმძიმესი სტიქიის შემდეგ

რამდენი მილიონი დასჭირდება თბილისის რეაბილიტაციას უმძიმესი სტიქიის შემდეგ

სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს ალბათ, 100 000 000 ლარიც არ ეყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ზოოპარკთან მიმართებაში მთავრობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.

"გუშინ საღამოს მონაცემებით სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი, აქედან 10 მილიონი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ცხადია, ეს არ არის საკმარისი თანხა. ზარალი არის ძალიან დიდი. სამწუხაროდ, ალბათ, 100 მილიონი ლარიც არ ეყოფა სალიკვიდაციო სამუშაოებს. მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაგვჭირდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მომხდარის გამო მთავრობამ შეაჩერა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, რათა მისი რეალობასთან მორგება მოხდეს.

"ჩვენ შევეცდებით შექმნილი ვითარება გავითვალისწინოთ, ამიტომ შევაჩერეთ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა და მოხდება მისი რეალობასთან მორგება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს: როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე და თავად აუზზე. 8 ერთეული სპეცტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, რაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება სამძებრო სამუშაოები. დღეს დილით აუზის ტერიტორიიდან 3 ავტომანქანა გამოიტანეს.

მისივე თქმით, სამუშაოები დილიდან განახლდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც, სადაც ბულდოზერების მეშვეობით ხორციელდება ტერიტორიის შლამისგან გაწმენდა. ჯერჯერობით მიუდგომელი რჩება მტაცებელი ცხოველების რამდენიმე ვოლიერი, რომლებიც შლამითა და წყლით არის დაფარული. დღეს განხორციელდება სამუშაოები დატბორილი ვოლიერების გაწმენდის მიზნით.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, ბაგებში კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები. ამ მომენტისთვის მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონის დასხმა.

ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაშალი მასალის დიდი ნაწილი მოსწორებულია. საფლავები გასუფთავებულია შლამისგან. დილიდან დაიწყო მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები.

წყნეთის ქუჩაზე მდინარე ვერეს კალაპოტში მოწყობილ დამბაზე განხორციელდა შესაბამისი სამუშაოების ბეტონის დამცავი კედლის აღმართვის მიზნით. დაწყებულია პროექტის მომზადება. დღეს დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება მდ.ვერეს ამ მონაკვეთზე არსებული გვირაბების ჩამონგრეული ნაწილის აღსადგენად.

განხორციელდა "მზიურის" ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების დამონტაჟება რამაც, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოების წარმოების საშუალება მოგვცა. ღამის განმავლობაში აღმოჩენილი ძაღლების ლეში ტერიტორიიდან გატანილია სპეციალისტების მიერ. გაწმენდით-სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 477 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 100 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა.

სვანიძის ქუჩაზე ღამის 4 საათამდე იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკამ. შედეგად, შესაძლებელი გახდა ძაღლების თავშესაფართან მდინარე ვერეს ძველ კალაპოტში დაბრუნება და თავშესაფართან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციონირების აღდგენა. აღნიშნული ცხოველების დარჩენილი ლეშის გატანის შესაძლებლობას იძლევა. დილიდან დაიწყეს მუშაობა მაშველებმაც, რომლებიც აპირებენ მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით დარჩენილი 5 დათვის ლეშის გამოტანას. დაახლოებით ღამის 4 საათისთვის დასრულდა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნიდან გაფუჭებული საკვები პროდუქტის სრულად გატანა.

დაგაინტერესებთ| CENN-ის ანგარიში მდინარე ვერეს კატასტროფული წყალდიდობის მიზეზების შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია