სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობა მთლიანად დონორების იმედზეა. დონორები კი ჯერ ისევ ფიქრობენ, თუ რა სახის დახმარება გაუწიონ საქართველოს. ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებას ორი მიმართულებით აწარმოებს - ან ახალი დახმარებები გამოიყოს, ან უკვე განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრიობა შეიცვალოს. გარდა ამისა, უკვე საუბარია სამშენებლო მოთხოვნების შეცვლაზე. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს ცვლილება ინვესტორებს არ დააფრთხობს.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით 100 მილიონი ლარია. ამ დროისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშებზე შემოსულობებისა და დახმარებების სახით 15,200 მილიონი ლარია მობილიზებული, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. გარკვეული თანხა გაიღეს შემოსავლების სამსახურმა, პარლამენტმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა. ევროკომისიამ საქართველოს 3 მილიონი ევრო გამოუყო. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტში მოძიებული და კერძო პირების მიერ ჩარიცხული თანხა დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე გროვდება. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით ელის, თუ როგორ მარიფათს გამოიჩენს მთავრობა დონორებთან მუშაობისას და თუ საჭირო თანხა ვერ მოგროვდა, იგი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის პირობას დებს.
"ფინანსთა მინისტრთან მქონდა საუბარი. მაინტერესებს თანხის მობილიზების კუთხით როგორ აქვთ საქმე. სახარბიელო მდგომარეობა არ არის. მე განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს. ეს ხელისუფლების საქმეა, ძირითადად, მთავრობის. ისინი ცდილობენ, რომ მოიძიონ რესურსები, რათა მაქსიმალურად დაფარონ ხარჯები... მე დავაფინანსებ, რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის სრული კომპენსირება ბიუჯეტს არ შეუძლია. ამიტომ, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიდის დონორებთან, რომ ქვეყანამ ან ახალი დაფინანსება მიიღოს ან იმ დაფინანსებას, რომელიც აქამდე არსებობდა, მიზნობრიობა შეეცვალოს. ხადურმა ამასთანავე აღნიშნა, რომ სტიქიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ბიუჯეტის კორექტირების პროცესი შეჩერებულია. "ბიუჯეტში ცვლილებები შევაჩერეთ. ცხადია, ჩვენ მოგვიწევს დამატებითი რესურსის გადამისამართება, მათ შორის თბილისის ბიუჯეტში. 10 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ გამოვყავით, ეს არ იქნება საკმარისი ზარალის აღმოფხვრისთვის. ვმუშაობთ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან. გაიმართა შეხვედრები მეზობელ სახელმწიფოებთან. უნდა მოვიზიდოთ ალტერნატიული თანხა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.