გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის აზრით, მდინარე ვერეს ხეობაში გარკვეული ღონისძიებები ქალაქის ფარგლებამდე უნდა გატარდეს.
როგორც სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ეს შეიძლება იყოს ნაკადდამჭერები, ასევე, შეიძლება წყალსაცავის დამბა გაკეთდეს, რომელიც პირველად ნაკადს შეაკავებს.
მერაბ გაფრინდაშვილის ცნობით, ოპტიმალურ ვარიანტზე გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელიც კომისიის ფარგლებში შეიქმნება. მისივე ცნობით, ხვალ სამუშაო შეხვედრა იგეგმება თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან.