სტიქიის ზონები პრევენციის მიზნით ხვალ სპეციალური მეთოდებით დამუშავდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა .
მისივე განმარტებით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას, ორგანიზებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს.
"საგანგებო შტაბის სხდომაზე ჩვენი სამინისტროს კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთ-ერთია ის, რომ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების გაუსნებოვნება სპეციალური, ასეპტიკური და ანტისეპტიკური მეთოდების საშუალებით, რაც აუცილებელია გამომდინარე იქიდან, რომ სტიქიის ადგილებში რამდენიმე ტბორია, შესაბამისად, ჩვენ გვინდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დანელიას განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მხოლოდ სპეციალური მომზადების მქონე ადამიანებისა და ტექნიკის მეშვეობითაა აუცილებელი. ფიზიკურ პირებს კი მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებთან შემხებლობა არ ქონდეთ.
"სამუშაოები უნდა ჩატარდეს სპეციალური მომზადების მქონე ადამიანებისა და ტექნიკის მეშვეობით, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი რისკი, საფრთხე რეალურად შესაძლებელია იყოს, ამიტომ პრევენციული ღონისძიებების გატარება აუცილებელია", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის ზონების სპეციალური მეთოდებით დამუშავება ხვალ დილიდან დაიწყება.