სერგო თეთრაძის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალებაში ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადანაშაულებს

სერგო თეთრაძის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალებაში ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადანაშაულებს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმრის გლდანის ციხეში გარდაცვალება ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას სასტიკ წამებას უკავშირდება.

ამის შესახებ ნანა თეთრაძემ საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯაშუშების წამების საქმეზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილის პროცესზე მიცემული ჩვენებისას განაცხადა. როგორც ნანა თეთრაძემ აღნიშნა, 2011 წლის 17 სექტემბერს, სერგო თეთრაძის დაბადების დღეს, დილის 6 საათზე მათთან სახლში მივიდა 5-6 პირი, რომლებმაც სახლი გაჩხრიკეს, ნივთები ამოალაგეს და მათ შორის ოჯახის წევრებმა ნახეს წითელი მეხსიერების ბარათი, რომელიც ოჯახს არ ეკუთვნოდა. ნანა თეთრაძის თქმით, სერგო თეთრაძე წაიყვანეს და შემდგომ შეიტყო, რომ იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული. სანამ იზოლატორზე ინფორმაციას მიიღებდა, როგორც ნანა თეთრაძე ამბობს, გამომძიებლისგან შეიტყო, რომ მის მეუღლეს უფროსები კითხავდნენ.

"მას შემდეგ, რაც შევეკითხე, რომელ უფროსებს გულისხმობდა, გამომძიებელმა მითხრა, რომ მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია კითხავდნენ. შემდეგ მეზობლებმა მირჩიეს ადოკვატის აყვანა.

ადვოკატმა სერგო მოინახულა წინასწარი დაკავების იზოლატორში და როდესაც გამოვიდა, მითხრა, რომ საშინელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მათ შორის გატეხილი ჰქონდა ცხვირი. შემდეგ ჩაინიშნა აღკვეთის ღონისძიების პროცესი, სადაც ჩემი მეუღლე ძლივს ვიცანი, ისეთ მდგომარეობაში იყო. 23 სექტემბერს კი შემატყობინეს, რომ იგი გარდაიცვალა გულით, თუმცა ჩემს მეუღლეს გული არასდროს აწუხებდა", - განაცხადა ნანა თეთრაძემ.

მან სასამართლოს წარუდგინა ფოტომასალა, რომელიც სერგო თეთრაძის დაკავებამდე და გარდაცვალების შემდეგ ჰქონდა გადაღებული. ფოტომასალაზე სახის არეში არსებული დაზიანებებია ასახული. ნანა თეთრაძემ ისაუბრა წამების მეთოდებზეც. როგორც მან აღნიშნა, ადვოკატისგან აქვს ინფორმაცია, რომ სერგო თეთრაძეს პოლიეთილენის პარკი რამდენჯერმე ჩამოაცვეს თავზე, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ, რათა მისგან ჯაშუშობის ბრალდებაზე აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. ასევე ნანა თეთრაძის თქმით, გარდაცვლილი სახლში მიასვენეს სულ სხვა ტანსაცმლით, ხოლო ფეხსაცმელზე, რომელიც მას ეცვა, სისხლის ლაქები შეინიშნებოდა.

ნანა თეთრაძის დაკითხვას არ დასწრებიათავად ბრალდებული ბაჩო ახალაია, რომელმაც პროცესი დაწყებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა. "მინდოდა ახალაიასთვის თვალებში ჩამეხედა და მეკითხა, რატომ მოკლა ჩემი ქმარი. სასამართლო დარბაზში შემოსვლამდე შემხვდა ერთი ქალი, რისი მოწმეც არის მანდატური და მან მითხრა, რომ ვარ დაქირავებული და ფული მაქვს აღებული", - განაცხადა ნანა თეთრაძემ.

ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, მათ შორის იკითხეს, რატომ გააჩნდა სახლში საიდუმლო რუკები. ნანა თეთრაძემ უპასუხა, რომ რუკები საიდუმლო არ ყოფილა. რაც შეეხება სახლში მის არსებობს, მისი თქმით, დედამისი გეოგრაფიის მასწავალებელი იყო და რუკები სახლში ამ მოტივით ჰქონდათ. ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, დაჰპირდა თუ არა ნანა თეთრაძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია შეხვედრის დროს, რომ ბაჩო ახალაიას პასუხისგებაში მისცემდა. ნანა თეთრაძემ განაცხადა, რომ მსგავს დაპირებას ალასანიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

სერგო თეთრაძის მეუღლის დაკითხვის შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო. პროცესი 24 ივნისს 12:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ