კიდევ რა საგანძური გადაურჩა სვანიძის ქუჩაზე ოჯახს, რომელშიც სასწაულმოქმედ ხატს სტიქიამ ვერაფერი დააკლო

კიდევ რა საგანძური გადაურჩა სვანიძის ქუჩაზე ოჯახს, რომელშიც სასწაულმოქმედ ხატს სტიქიამ ვერაფერი დააკლო

"ჩვენი სახლი სტიქიის ეპიცენტრი იყო, სამი მხრიდან მოდიოდა წყალი, იქაურობა ნამდვილ მორევს ჰგავდა, მანქანებს ასანთის კოლოფებივით ატრიალებდა. წყალმა რომ დაიწია, გამოჩნდა, თუ როგორ იყო 5-6 ავტომობილი ერთმანეთზე შეწყობილი," - ამბობს ხათუნა ზუმბულიძე, რომელიც სვანიძის 16-ში ცხოვრობს. მის შესახებ Ambebi.ge-ს გუშინ ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა უამბო. ეს არის ოჯახი, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი უვნებელი გადარჩა.

ხათუნა ზუმბულიძე:

- სახლში, რომელიც აღარ არის, კედელზე ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატი გვეკიდა, - წყალმა ის ჯერ ეზოში გამოიტანა, ატრიალა და ისევ ეზოში შეიტანა, ეს მაშინ, როდესაც მაქანები წაიღო, მათ შორის ჩვენი ეზოს უზარმაზარი, მასიური მაგიდა. ლაბორატორიის ტერიტორიაზე ჩაიტანა და იქვე გაჩხირა. ხატი ხომ მასზე ბევრად მსუბუქია?! მოკლედ, ატრიალა-ატრიალა და უკან შეიტანა ისე, რომ არც დაზიანებულა. გავრეცხეთ, გავწმინდეთ და ჩემს მულთან გადავაბრძანეთ. ჩვენს ეზოში ხალხი რომ მუშაობდა, ტალახისგან ისევ არ დასვრილიყო...

- თქვენზე თქვეს, იმ ღამეს მხურვალედ ლოცულობდა და ღვთისმშობელს ევედრებოდა, წყლის დონე დაეწია...

- ღვთისმშობელ მარიამს ვევედრებოდი, რომ წყალი არ ამოსულიყო ზემოთ, ჩვენ რომ დავეტბორეთ, ეს იმას ნიშნავდა, რომ წყალი ვაკე-საბურთალოს გზაზეც ავიდოდა და მთელ ვაკის გზას წაიღებდა. აურაცხელი მსხვერპლი იქნებოდა... ჩვენი სახლი იმ გზის მხარეს არის და აივნიდან ვუყურებდი, რამდენი მანქანა იყო იქ ჩახერგილი, ვერსად მიდიოდნენ.

მოკლედ, ღვთისმშობლის წინაშე ლოცვა დავიწყე, - ეს წყალი გააჩერე, უბედურებისგან გვიხსენი-მეთქი. სასწაული მოხდა, წყალი 5 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე გაჩერდა და მერე კი დაკლება დაიწყო.

პირველი სართული სულ გაფუჭდა, აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა, მხოლოდ თეფშები გადარჩა, რომელიც, როგორც ჩანს, ტალახმა შეინახა. ავეჯი ნაწილ-ნაწილ გაიტანეს. წარმოიდგინეთ, 2 მეტრზე იყო ტალახი.

- საბოლოოდ როგორ გამოაღწიეთ იქიდან?

- პირველ სართულზე ჩემი დედამთილი და გოგონა ცხოვრობდნენ, მეორეზე - მე და მეუღლე. თავიდან წყალი რომ მოვარდა, მულიშვილი მოვიდა და დედამთილის გაყვანა შეძლო, თორემ ისე დაიხრჩობოდა, ხმის ამოღებასაც ვერ მოასწრებდა...

მე იმ დროს მეორე სართულზე ვიყავი და ხომ გითხარით, აივნიდან ვუყურებდი იმ ყველაფერს. ჩემი გოგო, სანამ დენი ჩაქრებოდა, ბედად კომპიუტერთან იჯდა და ამიტომ უფრო ადრე არ ჩავიდა დასაძინებლად. მოკლედ, აივანზე რომ გავედი, დავინახე, რომ ლაბორატორიის დაცვის ბიჭმა სიგნალები ჩართო და ყვიროდა, ლაბორატორიაში წყალი შემოვიდა, ზემოთაც არ ამოვიდესო. ამას ჩვენს ქვედა მეზობლებს უყვიროდა. ადექით, ნუ გძინავთ, მაშინ ჩვენზე არც იყო ლაპარაკი. ზოგი ღამისპერანგიანი გამოვარდა, მეზობელმა ჩვენთან, მოასწრო და საბანში გახვეული ბავშვი ამოიყვანა. კიდევ კარგი დაცვის ბიჭმა განგაში ატეხა, თუმცა მერე საფრთხე თავადაც შეექმნა, მანქანიდან ვერ გადმოდიოდა და ჩემმა მეუღლემ გადაარჩინა.

- როგორც ირკვევა, ერთ-ერთი უხიფათო ადგილი მეორე სართული იყო, სადაც იმყოფებოდით, ხომ?

- კი, ყველას ვეძახდით, რომ იქ როგორმე ამოსულიყვნენ. საოცრება ის იყო, რომ მეორე სართულზე წყალი კი შემოვიდა, იატაკი დაასველა, გაატალახიანა, მაგრამ სხვა არაფერი გაუფუჭებია.

მერე ვინაიდან ჩემი მაზლის სახლი ჩვენზე ზემოთ არის, მაღლობზე, ყველანი იქით გადავედით. კი დაიკლო, მაგრამ ისევ რომ გაძლიერებულიყო, რაღა გვექნა?! თან, 7 პატარით ვიყავით. ბავშვები სადმე ხომ უნდა შეგვეფარებინა, ის კოშმარი რომ დაევიწყებინათ?!

- მოკლედ, დიდად დაზარალდით.

- მეორე ეზოში, ერთსართულიანი, ახალი გარემონტებული სახლი გვქონდა, უნდა გაგვექირავებინა, "ბეც" აღებული გვქონდა და განადგურებულია, პირველი სართული, რაზეც უკვე გითხარით, ხომ სულ გაფუჭდა.

- გავიგეთ, რომ სტიქიას, გარდა ხატისა, თქვენი მეუღლის უნიკალური ტელეფონების კოლექცია გადაურჩა.

- კი, 1989 წელს ჩემმა მეუღლემ ძველი ტელეფონის აპარატების შეგროვება დაიწყო. პირველი ტელეფონი, რომელიც 1900-იან წლებშია გამოშვებული, ერთმა გაჭირვებულმა კაცმა მეუღლეს 1989 წელს მიჰყიდა, - იქნებ შეიძინოო. ხისგან არის დამზადებული, არადა, მან ეს ნივთი მაშინ პურის ფულად გაიმეტა. იმის მერე მეუღლეს იდეა - ძველი ტელეფონები შეეგროვებინა მოეწონა და ზოგი ვიყიდეთ, ზოგიც გვაჩუქეს. მაგალითად, ბერიას თეთრი ტელეფონი მისი აგარაკიდან 80 დოლარად შევიძინეთ. არის ტელეფონი, რომელშიც 100 დოლარი მივეცით. სულ 51 ცალი იყო, 11 წყალმა გააფუჭა, 40 გადაგვირჩა. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩემი ქმრის ამდენი წლის ნაწვალები წყალმა მთლიანად არ გაანადგურა. გაფუჭებულები სადღაც-სადღაც კი ვიპოვეთ, მაგრამ მის აღდგენას აზრი არ ჰქონდა და გადავყარეთ. ზოგს ქვა დაეცა და ზოგს ხე (ვიდეო)

- ახლა რა სიტუაციაა?

- მეორე სართული მოვაწესრიგეთ, საცხოვრებელი პირობები შევიქმენით, რაშიც ახალგაზრდობა დაგვეხმარა, გაიხარონ მაგათ. გავხეხეთ და გავწმინდეთ იქაურობა ტალახისგან და უკვე ვცხოვრობთ. ერთადერთი ოჯახი, რომელიც ამ ქუჩაზე დავრჩით, ჩვენ ვართ და კიდევ ქვედა მხარეს მეზობლები.

მოკლედ, რადგან ცოცხლები ვართ, არაფერს დავეძებ, იმდენი მსხვერპლი ნახა საქართველომ, რომ რა გითხრათ? კიდევ ვისი გვამიც ვერ იპოვეს, ვინ იცის, რამდენია მიწაში ჩაფლული? სტიქია ხომ საშინელებაა, ენით აუწერელი რამ, მაგრამ იმ საცოდავებს, დაღუპულებს რომ არაფერი ეშველებათ, ეს არის უბედურება. შეიძლება გადარჩენილებმა ცხოვრების მოწყობა ისევ შევძლოთ, მაგრამ გული მიკვდება, რომ ანგელოზივით გოგოები წყალმა წაიღო და უამრავი კარგი ადამიანი შეიწირა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

გამოყენებულია ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ფოტოები

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია