თბილისში სიცხის მატებასთან ერთად გველებთან დაკავშირებით გამოძახებებმა იმატა. ამ საკითხის თაობაზე AMBEBI.GE თბილისის მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს, თეიმურაზ ფხალაძეს დაუკავშირდა.
- სულ რამდენი გამოძახება დაფიქსირდა მაისისა და ივნისის თვეში?
- მაისის თვეში 104 გამოძახება დაფიქსირდა, ივნისში კი 252. ჯერ თვე არ დამთავრებულა და ივნისის თვეში გამოძახება საგრძნობლად არის მომატებული.
- გამოძახების მომატება სტიქიას ხომ არ უკავშირდება?
- არა, ეს ჩვეულებრივი პროცესია. თბილისში საგრძნობლად დაცხა და გამოძახებაც სწორედ ამას უკავშირდება. სტიქიასთან არაფერი აქვს საერთო.
- რომელი გველია განსაკუთრებით საშიში და როგორ უნდა განვასხვავოთ ნაკლებად საშიში გველებისაგან?
- განსაკუთებით საშიშია შხამიანი გველი გიუზა. საბედნიეროდ, წელს არ დაფიქსირებულა. მისი ამოცნობა მარტივია: ის არის ყავისფერი, ტანი თავამდე უცებ ვიწროვდება, ვიწრო აქვს კისერიც, კუდი წვრილი და თავი სამკუთხედის ფორმის.
- რომელი სახეობის გველი დაფიქსირდა წელს?
- ამ დროისთვის შემდეგი სახეობის გველები არიან დაფიქსირებული -გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, კატისთვალა გველი, ცენგოსფერი მცურავი, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.
- ვის უნდა მივმართოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გველს შევნიშნავთ?
- თავი უნდა შევიკავოთ დაჭერისგან და ყველანაირი აქტიური ქმედებისაგან. დაუყოვნებლად უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24 საათიან განმავლობაში მუშაობენ გამოძახებისთანავე მივლენ ადგილზე და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. ადამიანის დაკბენის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ შემოსულა.
- თბილისის რომელი უბნიდან ფიქსირდება ყველაზე ხშირი გამოძახება?
- გამოძახება ყველა უბნიდან ფიქსირდება, გამოყოფა გამიჭირდება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ბევრი ბალახი და მიტოვებული შენობებია. ასეთ ადგილებში გველი ადვილად პოულობს თავშესაფარს.
თიკო გურაშვილი
AMBEBI.GE