სასტუმრო "ჰაიატი" - ნაღმი გმირთა მოედანზე?!

სასტუმრო "ჰაიატი" - ნაღმი გმირთა მოედანზე?!

როგორც გაზეთი "ვერსია" წერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე, 2007 წელს, სასტუმრო "ჰაიატი" უნდა აშენებულიყო. გაზეთის ცნობით, იმ პერიოდში, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, რომან ფიფიამ, სასტუმროს მშენებლობის მიზეზით, ლაგუნა ვერეს მოპირდაპირე მხარეს განთავსებული შენობა-ნაგებობები აიღო და კლდის ფერდობზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ერთ წელიწადში, "ჰაიატის" მშენებლობა შეჩერდა, ხოლო გათხრილი საძირკველი, რომელიც მდინარე ვერეს კალაპოტს ესაზღვრება, გრუნტის წყლით აივსო და ტბად იქცა.

რა მიზეზით შეჩერდა სასტუმრო "ჰაიატის" მშენებლობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე? რას აპირებს შეჩერებული მშენებლობის მფლობელი, ბიზნესმენი რომან ფიფია, რომელიც ახლა საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მესაკუთრეა? "ვერსიის" კითხვებს რომან ფიფიას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ირმა ცქიტიშვილი პასუხობს.

- რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე, იქ, სადაც წლების წინ, სასტუმრო "ჰაიატის" მშენებლობა იგეგმებოდა, რა ტიპის ობიექტის მშენებლობაა გადაწყვეტილი?

- დღეისათვის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რომლებიც დამუშავების პროცესშია. მომავალში, რომან ფიფია მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს. თუმცა, რა იქნება ეს - სავაჭრო, საცხოვრებელი, თუ ბიზნესცენტრი, გადაწყვეტილებას ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწინებით მივიღებთ. ასევე მიდის მუშაობა ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია პროექტის წარმატებისთვის.

- იხდის თუ არა ბიზნესმენი რომან ფიფია და მისი სამშენებლო კომპანია ჯარიმას იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია?

- რამდენადაც პროექტის ფარგლებში, მთავრობის წინაშე არ არსებობდა ვალდებულება განსაზღვრული ვადების შესახებ, ჯარიმის თემა ბიზნესმენ რომან ფიფიას კომპანიას არ შეხებია. თუმცა ჯარიმაზე უფრო დიდი თანხის გადახდა მოუწია ბიზნესმენს ამ პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელებისთვის, რომელიც 2008 წლის ცნობილი მოვლენების განვითარების შედეგად, ვეღარ გაგრძელდა. ამ პერიოდში, რომან ფიფიამ, 30 მილიონზე მეტი იზარალა.

- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავის დროზე, 2008 წელს, "ჰაიატის" მშენებლობა იმიტომ შეჩერდა, რომ საძირკველი გრუნტის წყლით ივსებოდა და მისი ამოტუმბვა ვერ მოხერხდა. არის თუ არა ეს პროცესი საშიში განსაკუთრებით ახლა, ანუ მას შემდეგ, რაც მდინარე ვერე ადიდდა?

- საერთოდ, წარმოუდგენელია მშენებლობის დაგეგმვა, ან პროექტის გათვლა კატაკლიზმების სრული გათვალისწინებით. რაც შეეხება 2008 წლის მშენებლობას, რომან ფიფიამ, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების დახმარებით, უნიკალური პროექტი წარმოადგინა, რომელიც არსებულ პირობებთან სრულიად ადაპტირებული გახლდათ. მეტიც, ეს პროექტი საძირკვლის პირდაპირ წყალში აშენებას გულისხმობდა. რომ არა 2008 წლის ცნობილი მოვლენები, დღეს უნიკალური და მნიშვნელოვანი ბიზნესლოკაცია ექნებოდა ჩვენს ქალაქს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია