"დავდივარ ახლა იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან" - ბიზნესმენ ვასაძის თვალსაზრისი თბილისის ტრაგედიაზე

"დავდივარ ახლა იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან" - ბიზნესმენ ვასაძის თვალსაზრისი თბილისის ტრაგედიაზე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე 13 ივნისის თბილისის ტრაგედიაზე საკუთარ თვალსაზრისს სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" საშუალებით აქვეყნებს. ვასაძის თვალსაზრისი გაზეთ "24 საათშიც" დაიბეჭდა. Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ვასაძის ჩანაწერიდან:

"თვალსაზრისი

ტრაგედიის დღეებში ისევ გამოჩნდა ჩვენი ხალხის ძირძველი გულიანობა, თავგანწირვა და უანგარობა. ტრაგედიის შემდგომი დღეების ყველაზე გამაოგნებელი ნიშანი კი არის ის რომ, როგორც ჩანს, ჩვენი მედია და სახელმწიფო, განცხადებების მიუხედავად, არ ჩქარობენ იმსჯელონ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე, არც ტექნიკურზე და, რა თქმა უნდა, არც მეტაფიზიკურზე.

ექსპერტთა აყალმაყალში ვერავინ ვერ აიღო თავის თავზე მეწყერის აშკარა ტექნიკური მიზეზის დასახელების გამბედაობა. სტიქიის ზებუნებრივ მიზეზებზე კი საერო საზოგადოებაში საერთოდ ყველა დუმს.

იმ საშინელ ღამეს ათობით ადამიანი დაგვეღუპა და ათასობით გადაგვირჩა. გადაგვირჩა არა ჩვენი წინდახედულობით, არამედ ღვთის წყალობით.

კოლხურ-იბერიულ მოდგმაში სიტყვა "წყალობა" წყალზე არის დაფუძნებული.

ეს იმიტომაც, რომ ნათლობისას ადამიანი წყლით იძენს ღვთის უდიდეს წყალობას, ქრისტიანულ სულს. (გაუგებარია საიდან უნდა სცოდნოდა ეს წინასწარ წარმართ, ანუ წარსულში მართალ, ქართველ ერს.)

და ეს იმიტომაც, რომ წარმართულ ხანაში მომხდარი მთავარი ტრაგედიის მერე, მოწყალე ღმერთმა ნოეს აღუთქვა, აღარასოდეს დაეღუპა გახრწნილებისათვის დასჯილი მთელი კაცობრიობა წარღვნით. ამიტომ ჰქვია ბიბლიის ქრისტემდელ ნაწილს ძველი აღთქმა, ანუ დაპირება. ამ აღთქმის ბეჭდად კი მან ნოეს ცაზე პირველი ცისარტყელა მოუვლინა. ამიტომაც არის, რომ ჭინკებს გარყვნილების დროშად სწორედ ცისარტყელა აურჩევიათ, მათი ჭინკური, უწესო ცხოვრებით გამოწვეული სასიკვდილო დაავადებების სასჯელი უგულებელსუყვიათ და ფულისა და დროებითი, წუთისოფლური სიამეებისათვის თავი დაუბრმავებიათ.

ღმერთი აღთქმას კი იცავს, მთელ კაცობრიობას წარღვნით არ ღუპავს, მაგრამ ხანდახან მისი რისხვა რაიმე ადგილას ასეთიც არის. მისგან დაშორებულ ადამიანთა საზოგადოებაში ვინც ამაზე ბედავს საუბარს, ის უმალვე დაცინვისა და რელიგიურ ფანატიზმში ბრალდების ობიექტი ხდება. ასე იქნება სამწუხაროდ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგაც. თანამედროვე ადამიანების ნაწილს სასაცილოდ მიაჩნია კრიზისსა და მის გამომწვევ საზოგადოებრივ საქციელს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გააზრების მცდელობაც კი.

1929 წელს, როდესაც უოლ-სტრიტმა ნგრევა დაიწყო, რასაც შემდგომ "დიადი დეპრესია" მოჰყვა, ათონზე წმინდა ნიკოლოზ სერბელი ბერ-მონაზვნობდა. როდესაც მას ევროპიდან ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა წერილი მისწერა თხოვნით, აეხსნა, თუ რა არის კრიზისი, წმინდანმა უპასუხა, აბა რა ვიცი მე, უბრალო ბერმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებო. მაგრამ გეტყვი, რომ კრიზისი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ღვთის სამართალს ნიშნავსო. და სანამ ევროპელები სინდისთან ახლოს იყვნენ, ისინი მოვლენებს თავიანთ სახელს უწოდებდნენ თავთავიანთ ენებზეო. და აი, როდესაც მათ მოინდომეს დაემალათ მოვლენათა ჭეშმარიტი არსი, მათი კავშირი გამომწვევ მიზეზებთან, მაშინ მათ ბერძნული და ლათინური ეუფემიზმების შემოღება დაიწყესო. ასე რომ ეგ ღვთის სამართალი, კრიზისად თარგმნილი, თითქოს იგივეა, თუმცა უკვე სულ სხვა, არავისი ბრალით გამოწვეული სტიქიის აზრობრივ დატვირთვას ატარებსო. აი ღვთის სამართალი კი რისთვის გვეგზავნება, ეს ვიციო. იგი მოდის ჩვენს თავს, როდესაც ჩვენ ვივიწყებთ ერთმანეთზე ზრუნვას, ვიკეტებით ჩვენს ეგოიზმში და მოწყალე ღმერთი უშვებს ჩვენზე სასჯელს, რათა გამოგვზარდოს და საბოლოო დაღუპვას გადაგვარჩინოსო.

ბევრი ვიფიქრე, რა ენაზე დამეწერა ეს გულისტკივილითა და ჩვენს მომავალზე მწუხარებით სავსე წერილი, მშრალ-ფაქტობრივ-ანალიტიკურზე, თუ ემოციურ-გონივრულზე. ვერ ავირჩიე და შემინდეთ, რომ შეურევნელის შერევას ვეცდები აქ. მეორე დილას თბილისში ბევრგან გაიგონებდით: "ბეწვზე გადავრჩი," "ორი წუთის წინ იქ გავიარე" და ასე შემდეგ. მეც და ჩემი ოჯახიც მასეთების რიცხვში ვართ, რადგან მომწყდარ გზაზე დღეში ორ-ორჯერ მაინც დავდიოდით ჩვენი სკოლისა და სარაგბო კლუბის 500-ოდე ბავშვსა, მასწავლებელსა და თანამშრომელთან ერთად.

წყნეთი-სამადლოს (ბეთანიას ტყუილად რომ ეძახიან) სერპანტინი დაახლოებით 00:45 მოწყდა, მოწყვეტილმა სერპანტინმა თავის მხრივ, გზის ზევითაც და ქვევითაც, მეწყერი გამოიწვია, რომელმაც უმალვე ვერე დააგუბა, შემდეგ ღვარცოფის მიზეზი გახდა, დაგუბებულმა ვერემ კი წარმოქმნილი კაშხალი მალევე გაარღვია, ქალაქი დაანგრია და ხალხი დაღუპა თბილისში.

რისთვის დავრჩი მე ცოცხალი, რატომ წაიყვანა უფალმა ის საწყალი ადამიანები, ახალგაზრდები, დედები, მამები, დები, ძმები, ვინ იცის, ღმერთო, შენი ნება. ანდა რამხელა უბედურებას გადავურჩით, რომ ეს დღისით არ მოხდა, რამდენად დიდი იქნებოდა მსხვერპლი წყნეთი-სამადლოს მონაკვეთზეც, სადაც ყოველდღე დაგვყავდა ჩვენი სკოლისა და რაგბის კლუბის ბავშვები და მასწავლებლები, ღმერთო, ვერეს ხეობაშიც, "მზიურში"განლაგებულ სკოლაშიც, იმ დაწყევლილ ახალ გზაზეც, რომელიც ოთარ ლითანიშვილის დროინდელი საბჭოთა პროექტის მიხედვით აჩვენეს უგულავას მარტო იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ გადააფიქრებინებდნენ კიდევ უფრო მარაზმატიკულ პროექტს ჭავჭავაძის თავზე რკინა-ბეტონის ესტაკადის მშენებლობისა. გული მიკვდება ჩვენი ახალგაზრდა მთავრობის მუხლჩაუყრელი, ალალი შრომის შემხედვარე. თან მიხარია მათი სინდისიერი საქციელის ცქერისას და თან სიმწრით ვარ სავსე მათვე შეუვალობაზე და შეუსმენლობაზე.

არ დარჩენილა არც ამ, არც წინა ხელისუფლების არც ერთი ხელმძღვანელი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომლისათვისაც არ მეთხოვა, წყნეთი-კიკეთის გზა დააგეთ მეთქი. ვეუბნებოდი ამას პირად საუბრებში, პრესის ფურცლებზე, ტელევიზიის ეკრანებიდან. ჩემი საშუალებით რაც შემეძლო გავაკეთე, გზა სკოლამდე, სკოლა, გაზი, ტრაბახით არ ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაგას ვერ გავწვდებოდი ჩემი სახსრებით. "ვნახოთ, ლევან!" "კი, აუცილებლად!" "მგონი შეტანილია ბიუჯეტში," "მგონი გზებს ვაგებთ უკვე,", "ვიცი რომ რაღაც ფული გამოყოფილია,""ვეტყვი," "დავავალებ," წელს ვერ მოესწრება," "წელს მოვახდენთ რეაბილიტაციას." (ანუ ისევ "დალატკვას," რომელიც ფულის ყრის მეტს არაფერს აძლევს ქვეყანას და რომელიც კანონით უნდა აიკრძალოს, როგორც სახელმწიფოს რესურსების ფლანგვის ერთერთი მექანიზმი.)

მერიაში, მოიკითხოს ვინმემ კომპეტენტურმა, ახლაც დევს ჩვენი სკოლისა და რაგბის კლუბის სახელით მიწერილი არაერთი წერილი, თხოვნითა და გაფრთხილებით: გზა ავარიულია, ზედ ბავშვები დაგვყავს, გაინძერით სანამ უბედურება არ მომხდარაო. ადგილობრივ მოხელეებს რომ ვეუბნებოდი, რატომ არ ინძრევით მეთქი, ჩვენ შენს იმედზე ვართ, უფროსობისადმი თხოვნა გვეშინიაო. ახლა ელოდონ ლენჩებივით, სანამ კოჯრის ჯოჯოხეთურ გზაზეც რაიმე მსგავსს არ მოიმკიან.

იმ მომწყდარ სერპანტინს საბჭოთა დროიდან სანიაღვრე არავინ გაურემონტა, საშინელ, ავარიულ საფარზე რომ არაფერი ვთქვა, რომლისათვისაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში იმ ქალაქის მერსა და საგზაოს უფროსს, როგორც მინიმუმ სამსახურიდან დაითხოვდნენ იმ დღესვე. იმ მომწყდარ მონაკვეთზე სანიაღვრე რომ ყოფილიყო, გზის საფარი ხევისკენ მაინც რომ ყოფილიყო დაქანებული და არა პირიქით, სერპანტინი წყლით სავსე თაროდ არ გადაიქცეოდა, წყალი სერპანტინს არ მოწყვეტდა, გზის ზემოთ-ქვემოთ მეწყერს არ გამოიწვევდა, ვერე არ დაგუბდებოდა, ღვარცოფად არ გადაიქცეოდა, თბილისს არ მიანგრევდა, ამდენი ხალხი ცოცხალი იქნებოდა.

ამდენი წლის მანძილზე ჩვენი მერიისა, საგზაო დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს, რომ თავიანთი მოვალეობა შეესრულებინათ, რომელშიც მათ ხელფასს ვუხდით, დაეხარჯათ ამ მონაკვეთისათის საჭირო შვიდიოდე მილიონი ლარი, რომელსაც ქვეყანა ვერც კი შეამჩნევდა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

ახლა ჩამონგრეული სერპანტინის აღდგენა დაუჯდებათ დაახლოებით 30 მილიონი ლარი, მერე ის შვიდიოდე მილიონი ზედ მაინც უნდა დაახარჯონ ასფალტისა და სანიაღვრეებისათვის. თბილისის ზარალი, ხადურის თქმით 40 მილიონი ლარია, ვშიშობ რომ ეს ძალიან ზედაპირული, სამჯერ შემცირებული ციფრია. ამრიგად ის რაც 7 მილიონად უმსხვერპლოდ გაკეთდებოდა, ასე 200 მილიონი ლარად და უდიდეს მსხვერპლად დაუჯდება ამ ჩვენს ღატაკ ქვეყანას. და რაც მთავარია იმ ადამიანების სიცოცხლეს, იმ ოჯახების უბედურებას რაღა ეშველება?

ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, არავინ! ცხრა წელი ნაცებისა და სამი წელი ქოცების ხელში ამისათვის ქვეყანას არ ეცალა. და საქმე იქნებ არც იმაშია, რომ ამ ჩვენი ღარიბი, გაუბედურებული სახელმწიფოს ბიუჯეტსა და აზროვნებაში მხოლოდ კრიზისებზე რეაქციის რესურსები თუ მოინახება ასე თუ ისე. ვის სცალია, ბატონო, პროაქტიული და პროფილაქტიკული აზროვნებისა და მოქმედებისათვის, ჩვენ ხომ მხოლოდ "დალატკვა" და მკვდრების დატირება შეგვიძლია, სანამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიხარჯებით.

და მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ ჩვენს ახალგაზრდა, მონდომებულ პრემიერსა და მის გუნდს ქვეყანაზე არ ზრუნვაში, ზემოთთქმულის მიუხედავად. ისინი, უფრო სწორად მათი დიდი ნაწილი, ერთადერთი სახელისუფლებო შტო არიან, რომლებიც ალალად ცდილობენ მაინც ქვეყანაზე იზრუნონ. აი დანარჩენი სახელისუფლებო 5-ვე შტო კი (ორი ოფიციალური - სასამართლო და პარლამენტი და სამი არაოფიციალური - ტელევიზიები, არასამთავრობოები და ზოგიერთი უცხოური საელჩო) მხოლოდ ხელს უშლიან ჩვენს მთავრობას ქვეყნის ნამდვილი პრობლემების გადაწყვეტაში.

შეადარეთ რამდენი ფული, დრო და ყურადღება იხარჯება მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე და მიხვდებით, რატომ ვამბობ დაუღალავად, რომ მათ საქმიანობას ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათრახი და მკაცრი კონტროლი სჭირდება.

მაგრამ რა ქნას ამ ჩვენმა ვითომ დამოუკიდებელმა ქვეყანამ, გაჩხერილმა ორი ერთმანეთზე დაჯახებული იმპერიის კბილებში, როგორ გამონახოს საკმარისი სიბრძნე და სიყოჩაღე, რომ ამ ჯოჯოხეთიდან გამოძვრეს და ცოტა მაინც აიმაღლოს ნამდვილი დამოუკიდებლობის ხარისხი?!

...დავდივარ ახლა კიკეთში კოჯრის მხრიდან, იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან და ირონიული და ტრაგიკული ის არის, რომ ეს გზა წარღვნამდეც ისეთივე იყო და ახლაც ისეთივე არის, როგორც ჩამონგრეული სერპანტინი და მინგრეული ვერეს ხეობა..."

იხილეთ გაგრძელება| ვასაძე: "ვუცქერდი ამაზრზენ "იმედზე" რეპორტიორს, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს და სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია