"რომ ვიხსენებ წყალს როგორ მიჰქონდა მანქანები, მზარავს... გვეხვეწებოდნენ, გვიშველეთო, მანქანიდან ხელებს იქნევდნენ და ვერ ვეხმარებოდით"

"რომ ვიხსენებ წყალს როგორ მიჰქონდა მანქანები, მზარავს... გვეხვეწებოდნენ, გვიშველეთო, მანქანიდან ხელებს იქნევდნენ და ვერ ვეხმარებოდით"

ვაგრძელებთ იმ ადამიანების შესახებ წერას, ვისაც სტიქიამ დიდძალი ზარალი მიაყენა და ახლა საკუთარი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი. მათ შორის არის ელეონორა ციხისთავი, რომელიც ჩიქოვანის ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი სახლი მოვარდნილმა წყალმა კი არა, როგორც ამბობს, წვიმამ დააზიანა.

ელეონორა:

- აღარ შემიძლია, წელიწადია ამ თემაზე ვლაპარაკობდი, საშიშროებას გვრძნობდი... ოჯახი ერთ ოთახში ვიყავით შეხიზნულები, რადგანაც მანამდე, ერთი ოთახი უკვე დაგვენგრა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს...

- სტიქიამდე რას ითხოვდით?

- ვთხოვდი, იქნებ გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდეს-მეთქი. სანამდე ბოლომდე არ დავიქეცით, ყურად არ იღეს... ეზოს საყრდენი ბოლომდე გამოეცალა.

- ეს ყველაფერი უეცრად მოვარდნილი წყლისგან არ მომხდარა?

- არა, მდინარე ჩვენთან ახლოს არ არის. თან, ისეთი კედელია, იქ წყალი ვერც გადმოვიდოდა. უხვმა და წლების განმავლობაში მოსულმა წვიმებმა საბოლოოდ ეს უბედურება გამოიწვია.

- რა მოხდა 13 ივნისის საღამოს?

- საღამო საკმაოდ მშვიდი გახლდათ, უცებ წამოწინწკლა, გარეთ სარეცხიც მქონდა გაფენილი, მაგრამ იმდენად მცირე წვიმა იყო, სარეცხის აღება საჭიროდ არ მივიჩნიე. გადაივლის და გადაიღებს-მეთქი, მაგრამ კი არ გაჩერდა, რაღაც სეტყვისმაგვარში გადაიზარდა. რომ აღარ გაჩერდა, სახლიდან გამოსვლა წვიმის წამოსვლიდან საათ-ნახევრის შემდეგ ვიფიქრეთ. უკვე მთელი სახლი დაიტბორა, რადგან ისე ასხამდა, რომ გასვლას ვერ ასწრებდა. წყალში მუხლებამდე ვიდექით. საშინელება ხდებოდა როგორც გარეთ, ისე - შინ. მერე ღობეზე მე, ჩემი შვილი და რძალი გადავძვერით და სამშვიდობოს ძლივს გავაღწიეთ.

ვინაიდან ჩვენს სამეზობლოში ტერასული განლაგებაა და ჩვენი ეზო 5 მეტრ სიმაღლეზეა, საშიშროება იყო, დაბლა ჩევეტანეთ.

თუმცა ჩვენს ეზოში უზარმაზარი ღრმულიც გაკეთდა, ანუ ეზო ჩაინგრა, დაიმეწყრა.

- სახლი?

- ისევ დგას, ოღონდ, ოთახი დანგრეულია, ეზოში ვერ გახვალ, ხომ გითხარით, უზარმაზარი ღრმულია.

- რას გპირდებიან?

- ყველაფერს საუკეთესოს. რასაკვირველია, ჩვენ გვჯერა. თქვენ გჯრათ, მე რომ მჯერა?! მაგრამ გვჯერა, ვნახოთ, რა იქნება.

ყველას ერთად, მართლა საშინელება დაგვატყდა, შოკში ვართ. ახლაც რომ ვიხსენებ, იმ ღამეს და იმას, წყალს როგორ მიჰქონდა მანქანები, ადამიანები, სახლები, მზარავს. გვეხვეწებოდნენ, გვიშველეთ, მანქანიდან ხელებს იქნევდნენ და ვერ ვეხმარებოდით. ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია