თეა დარჩიას ქმარი ცოლს და მანქანას არ ცვლის

თეა დარჩიას ქმარი ცოლს და მანქანას არ ცვლის

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი მოცეკვავე თეა დარჩიაა. თეა ოთხი შვილის დედაა, ბოლო დეკრეტისას პენსიაზე გავიდა. ამბობს, რომ ცეკვისთვის თავის დანებება ძალიან რთულია, მაგრამ შვილები და სტუდიაში მუშაობა დანაკლისის კომპენსაციას ახდენს. მოცეკვავემ თავისი სიყვარულის ამბავი გაგვიზიარა.

- მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი.

ისე გავაჩინე ოთხი შვილი, სამშობიაროში წასვლამდე არ სჯეროდა, რომ ორსულად ვიყავი. ბოლოს 45 წუთში ვიმშობიარე. სამშობიაროში მიმიყვანა და მანქანის გადასაყენებლად წავიდა, უკან რომ შემობრუნდა, მიულოცეს, ბიჭი გყავთო. გადაირია! 24 წელია, შოკში მყავს (იცინის).

ავსტრალიიდან რომ დავბრუნდით, გუჯამ მითხრა, მამაშენთან უნდა ავიდე და ვუთხრა, რომ მიყვარხარ, სერიოზულია ეს გრძნობა და არ ვმაიმუნობო. ანსამბლში უკვე გამოცხადებული ჰქონდა, თეა ჩემი საცოლეაო. მე ჩავთვალე, რომ მამაჩემი აუცილებლად მეორე სართულიდან გადაუშვებდა, ამიტომ წყნარად მივუგე, წამოდი-მეთქი.

ურთიერთობის სწრაფად გასერიოზულებაზე არ მიფიქრია. დედაჩემი დაქალებთან ერთად ლენინგრადში გახლდათ. მამა სახლში მარტო დაგვხვდა. ყველა თითი დავიჭამე, რაც ხელებზე მქონდა. გუჯას ოფლი ასხამდა. ძლივს უთხრა: ბატონო გიმერ, თქვენი ქალიშვილი მიყვარს და მშვიდად იყავითო. მამაჩემის პაუზა არასდროს დამავიწყდება. ორი წუთი ორ საათად მომეჩვენა, ველოდი, რომ იფეთქებდა. ტელევიზორს უყურებდა, ჩვენკენ არ გამოუხედავს, ისე უთხრა გუჯას: მე სიყვარულს ვერ დაგიშლი, მაგრამ დედამისი ჩამოვა და იმას უთხარი ეს ყველაფერიო. მამაჩემმა ხელები დაიბანა. დედაჩემი ლენინგრადიდან რომ დაბრუნდა, მამას უთხრა, დაგილოცია ბავშვები და მე ხომ არ გამოვენთებიო?

- ქალბატონ ნინო რამიშვილთან პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?

- გაბრაზდა. ეჭვიანობდა. ისეთი მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, ცეკვას რაც აბრკოლებდა, ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა. მითხრა, გათხოვდები, დაფეხმძიმდები, გასუქდები, დეკრეტში გახვალ, ბავშვს გააჩენ, ფორმას დაკარგავ, როდის შენ ფორმას დაიბრუნებ, როდის უკან დაბრუნდებიო... ყველაფერი დამილაგა. ექვს თვემდე დეკრეტში არ გამიშვა. არც მუცელი მეტყობოდა, არც წონაში მომიმატებია. რა თქმა უნდა, იძულებით არ დავუტოვებივარ. მე მთლად ნორმალური ვერა ვარ. საშინელი ტოქსიკოზი მქონდა. რეპეტიციაზე ისე ვმუშაობდი, რომ საერთოდ არ მახსენდებოდა ტოქსიკოზი, სახლში მოვიდოდი თუ არა, ეგრევე უნიტაზში ვეყუდებოდი.

განაგრძეთ კითხვა

"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ

"ნამდვილი მე" - როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები ფოტოშოპის და ფილტრის გარეშე