რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში: ლარის გაუფასურებით გაძვირებული მენიუ და რეპორტაჟი წვიმიანი ბათუმიდან

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში: ლარის გაუფასურებით გაძვირებული მენიუ და რეპორტაჟი წვიმიანი ბათუმიდან

ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის, კარგად გარუჯვასა და დასვენებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კვებაა. მით უმეტეს, ბოლო დღეების უამინდობით შეწუხებული ტურისტები თავშესაფარს სწორედ კაფეებში პოულობენ. რომელ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას და ლარის გაუფასურების გამო, გაძვირდა თუ არა კვება ბათუმში, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა.

ბათუმში მყოფი როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დამსვენებლებისთვის ტრადიციულად დასაგემოვნებელი და ყველაზე პოპულარული კერძი აჭარული ხაჭაპურია. აჭარულ ხაჭაპურთან ერთად, ხინკალი, პიცა, სეზონური სალათები, ზღვის პროდუქტები, დესერტად კი აჭარული ბაქლავა (ფახლავას ეძახიან თბილისში) ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს.

AMBEBI.GE ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახაჭაპურეს მენეჯერს გაესაუბრა:

"ტურისტების 80% აჭარულ ხაჭაპურს უკვეთავს. ჩვენ გვაქვს ოთხი ზომის აჭარული ხაჭაპური. პატარა 7 ლარი ღირს, საშუალო - 8, დიდი 10 ლარი, ხოლო ტიტანიკი აჭარული 20. დამსვენებლები ასევე უკვეთავენ მეგრულ და იმერულ ხაჭაპურებს, პიცას, სალათებს. ლარის გაუფასურების გამო პროდუქტები გაძვირდა და ჩვენც 50 თეთრიდან 1 ლარამდე გავზარდეთ ფასები", - ამბობს მენეჯერი.

სახაჭაპურეში მყოფი უკრაინელი ტურისტები ალექსი და ოქსანა აჭარული ხაჭაპურის კეთების პროცესს სამზარეულოსა და კაფეს შორის არსებული მინის კედლის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს:

"საქართველოში პირველად ვართ, სანამ ბათუმში ჩამოვიდოდით, აჭარული ხაჭაპური თბილისში დავაგემოვნეთ. ძალიან მოგვეწონა და დავინტერესდით, თუ როგორ კეთდებოდა. რეცეპტი ჩავიწერეთ და კიევში დაბრუნების შემდეგ ვაპირებთ მოვამზადოთ. ზოგადად, გემრიელი სამზარეულო გაქვთ, ხინკალი, ჩახოხბილი, კუბდარი ძალიან მოგვეწონა. განსაკუთრებით გემრიელი მაინც აჭარული ხაჭაპურია. ფასებიც ნორმალურია", - ამბობენ ტურისტები.

რუსეთიდან 10 დღის წინ ბათუმში ჩამოსული 25 წლის მაქსიმი და 27 წლის იულია ადგილობრივ სამზარეულოს უკვე კარგად იცობენ. როგორც ისინი ამბობენ, უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები - საცივი, ხინკალი, ქაბაბი და ესტუმრენ აჭარულ ტრადიციულ რესტორანსაც:

"მოსკოვში დაბრუნების შემდეგ წონის დაკლებაზე ზრუნვა მომიწევს. ძალიან გემრიელი სამზარეულო გაქვთ, ასე მგონია, ყველა კერძი გავსინჯე. სამჯერ ვესტუმრეთ აჭარულ ტრადიციულ რესტორანს, კაიმაღი, სირონი, ბორანო, აჭარული ხაჭაპური, სხვადასხვა სახეობის ყველი დავაგემოვნეთ. რაც შეეხება ფასებს, ვერ ვიტყვი რომ ძვირია, ვფიქრობ, ფასი პროდუქტის შესაბამისია", - აღნიშნა იულიამ.

ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებიან ბათუმში ნათია და ზვიადი. ისინი ქუთაისიდან ბათუმში სამი დღის წინ ჩავიდნენ და ორი კვირით აპირებენ დარჩენას:

"ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ აჭარული ხაჭაპური. აქ, ზღვისპირზე აღმოვაჩინეთ ეს რესტორანი, საბავშვო აჭარულ ხაჭაპურებს ამზადებენ. უკვე მეორედ მოვედით. საბავშვო აჭარული 4 ლარი ღირს, საშუალო ზომის აჭარული 7 ლარი. საზაფხულო სალათიც ავიღეთ, წვენი და საერთო ჯამში დაახლოებით 40 ლარს გადავიხდით. ფასებთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა, ბავშვებს ზღვაზე უნდათ გასვლა და ჯერ ვერ ვახერხებთ უამინდობის გამო", - აღნიშნა ნათიამ.

ზღვისპირა რესტორნის მენეჯერი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო, მენიუს შეცვლა-განახლება მოუწია. გასულ წელს თუ საბავშვო აჭარულ ხაჭაპურს 3.5 ლარად ამზადებდნენ, წელს უკვე 4 ლარი ღირს. მაგალითად, სალათი "ცეზარი" ქათმით გასულ წელს 9 ლარი ღირდა, წელს კი 10 ლარი ღირს.

ბათუმში რამდენიმე პოპულარული კაფესა და რესტორნის მენიუს ფასებიდან გამომდინარე ხინკალი 50-80 თეთრი ღირს, აჭარული ხაჭაპური 7-20. სალათების ფასი 7-17 ლარია.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

AMBEBI.GE

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს უცხოენოვან მეგობრებს| Tourist guide: How much does a dinner in Batumi cost?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია