21 მაისს ვაკეში მომღერალ საკო სუხიშვილის მეუღლე, გიორგი ციციშვილი დააკავეს. გიორგი ციციშვილს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ციციშვილს ბრალად წარედგინა 181-ე, 260-ე, 273-ე და 236-ე მუხლები, საიდანაც მან გულწრფელად აღიარა 273-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო დანარჩენ ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო. Ambebi.ge-ს გიორგი ციციშვილის მეუღლე საკო სუხიშვილი ესაუბრა.
- გიორგი 21 მაისს აბაშიძის 50 ნომერში დააკავეს. არსებობს მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ის არც კი გაჩხრიკეს, ისე ჩატენეს მანქანაში. დაკავების ადგილზე არის სათვალთვალო კამერა, მაგრამ ჩანაწერების ამოღება ვერ ხერხდება, ამბობენ, რომ კამერა გადამწვარია. სადაც გიორგი ოქროპირიძის ამბავი მოხდა, იქ დააკავეს გიორგი და თავიდანვე ამბობდნენ ამას. ჩემი მეუღლის დაკავების შემდეგ შემომივარდნენ სახლში, ჩაატარეს ჩხრეკა, ამოღებული იქნა იარაღი. გიორგი აღიარებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა იარაღი, თუმცა სხვა ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ ცნობს და პროტესტის ნიშნად უკვე 12 დღეა საპყრობილეში შიმშილობს.
- რატომ ვერ გამოიტანა სასამართლომ გუშინდელ პროცესზე გადაწყვეტილება?
- რადგან ბრალდებულის და მისი ადვოკატის მტკიცებულებები უკანონო ჩხრეკის საკითხზე საფუძვლიანი იყო და ამანვე განაპირობა ის, რომ გიორგი ციციშვილის საქმის პროკურორმა ადვოკატების შუამდგომლობას და მოსამართლის კითხვებს პასუხი ვერ გასცა და შესაბამისად, პროცესის გადადება მოითხოვა. არც ის მიუღია პროკურატურას მხედველობაში, რომ გიორგი ციციშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ქონას არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 12 დღეა შიმშლობს. მორიგი სასამართლო პროცესი 14 ივლისს ჩაინიშნა. უზუსტობებია დაკავების და ჩხრეკის ოქმის შედგენის დროსაც. გიორგი არ ითხოვს გათავისუფლებას, მისი მოთხოვნაა, არ მოხდეს ბრალის დამძიმება. აღსანიშნავია ერთი გარემოება, ჩემი მეუღლე მანამდეც დააკავა პოლიციამ, სასამართლო სხდომაზე მას ბრალად წაუყენეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, თითქოს მან წინააღმდეგობა გაუწია 10 სამართალდამცავს. მოსამართლემ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოითხოვა, რომელიც მეორე მხარემ ვერ წარმოადგინა, შესაბამისად გიორგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გიორგი არ მოითხოვს ციხიდან გათავისუფლებას, მას უმძიმებენ ბრალს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ აქვს ჩადენილი.
ინფორმაცია გიორგი ციციშვილის დაკავების შესახებ შსს-ში გადავამოწმეთ. უწყების ცნობით, გიორგი ციციშვილი სსკ-ის 181-ე (გამოძალვა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 273-ე (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით დააკავეს.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE