"ისლამური ხალიფატის" "ქართული გეგმები"

"ისლამური ხალიფატის" "ქართული გეგმები"

"ისლამურ ხალიფატს" საქართველოსა და აზერბაიჯანში ბევრი გავლენიანი მომხრე ჰყავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიაში არ ჩამოაყალიბებდნენ ადმინისტრაციულ ერთეულს - ვილაიეთს, რომელსაც პირდაპირ ხალიფატი მართავს", - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

- ვილაიეთის შექმნა მოწმობს, რომ "ისლამური ხალიფატი" შემოსულია კავკასიაში. ეს საკმაოდ სერიოზული ძალაა და ძლიერი­ სამხედრო პოტენციალი და თანამედროვე შეიარაღება აქვს.

ხალიფატის დაინტერესების სფერო­ საქართველო და აზერბაიჯანი არიან. საქართველო ხალიფატს სატ­რანზიტო კორიდორად: იარაღის, ფინანსების, სამხედრო ძალის გადასროლის უზრუნველსაყოფად სჭირდება.

ხალიფატის ძირითადი პრინციპია ჰიჯრა:­ ყველა მუსლიმანი ვალდებულია ჩავიდეს "ისლამური ხალიფატის" კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიიღოს მონაწილეობა გლობალურ ჯიჰადში. ამიტომაც ხდებოდა მასობრივი გადასვლა (არა მარტო საქართველოდან) "ისლამური ხალიფატის"­ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც, მათი გაგებით, ჭეშმარიტი მუსლიმანები ცხოვრობენ. ჩემი მონაცემებით, საქართველოდან დაახლოებით 300 ჯიჰადისტია წასული. ხალიფატი ცდილობს, ჩრდილო კავკასიაში შექმნას პლაცდარმი, რათა გაიფ­ართოოს გავლენის სფერო რუსეთის 20-მილიონიანი საზოგადოების მიმართულებით (საუბარია ყალმუხეთის, ვოლგისპირეთის, ციმბირის, ურალის მოსახლეობაზე, სადაც 20 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს).

პანკისიდან 50-მდე ახალგაზრდაა სირიაში­ წასული, სხვა რეგიონებიდან რამდენია, არავინ იცის.

ყველაზე დიდი ისლამური წარმომადგენლობაა ქვემო ქართლში, საიდანაც წასული აზერბაიჯანელი მოსახლეობა ერთიანდება აზერბაიჯანულ ჯამაათებში, რომლებიც ასევე სირიაში იბრძვიან. ქვემო ქართლიდან რამდენიმე ქალიც წავიდა სირიასა და ერაყში, სადაც ჯიჰადისტების მეუღლეებისა და მეგობრების ფუნქციას ასრულებენ.

თურქეთ-საქართველოს საზღვარი ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გადაკვეთა პასპორტის საშუალებით. თურქეთიდან სირიაში გადასვლა კი, მოგეხსენებათ, ძნელი არ არის.

არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე აჭარელიცაა დაღუპული "ისლამური ხალიფატის" ეგიდით საბრძოლო ოპერაციებში.

აფხაზეთი პირველი იყო, სადაც შეიქმნა მათი ჯამაათი, წარმომადგენლობა "კავკაზია". 2014 წლის ნოემბერში ისლამური დაჯგუფების წევრები ჩერქეზულ დიასპორას შეერივნენ და მათ ჩამოჰყვნენ აფხაზეთში. მთავარია, აქ არ მოხდეს სექტორალური ტიპის დაპირისპირება, იმიტომ, რომ "ისლამური ხალიფატი" კატეგორიულად ებრძვის სხვა მუსლიმანურ აღმსარებლობას. საუბარია შიიტებზე, სუფიტებსა და სუნიტებზე. ვილაიეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, ჯერჯერობით გამოცხადებულია ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე; ანუ იმ ტერიტორიებზე, რომელთაც რუსეთის ფედერალური ძალები ნაკლებად აკონტროლებენ.

- ამას წინათ შს მინისტრმა განაცხადა,­ რომ საქართველოს საზღვრების კონტროლი გამკაცრდება.

- საქართველო-თურქეთის საზღვრის გაკონტროლება მარტივი საქმე არ არის. ისლამისტები შეიძლება დასავლეთ ევროპიდანაც შემოვიდნენ. ძირითადი მასა აქედან შემოდის და არც ეტყობათ, რომ ხალიფატის წარმომადგენლები არიან (ევროპულად აცვიათ). პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა კომპლექსური და მიზანმიმართული, სპეციფიკური ღონისძიებების გატარება. ამ საქმეში თავდაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს, რადგან ეს უკვე შეიარაღებული ძალების კომპონენტს მოითხოვს, მესაზღვრეების საქმიანობა უკვე სცილდება ამ საფრთხის რეალურ მასშტაბებს. უნდა შეიქმნას კონტრტერორისტული საბრძოლო ოპერაციების მართვის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურ მონიტორინგს განახორციელებს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."