ნინო ბურჯანაძე კრემლის სპიკერის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრა. სულხან-საბასგან განსხვავებით, ნინო დიდხანს არ ალოდინეს და არც მეთხუთმეტე კაცად შევიდა, პირიქით, პირველივე მიიღეს, დითირამბებიც უმღერეს, არ ჩანდა, მაგრამ შესაძლოა წითელი ხალიჩაც დაუგეს და საერთოდაც, ცხადია, რომ რუსეთში უყვართ თავიანთი ხალხი. მე იმაზე ვდარდობ, ნეტავ, ქალბატონმა ნინომ გზის ფული ხომ არ გამოართვა იმ "პატიოსან ხალხს"?! სირცხვილია, ჩადიხარ, გასმევენ, გაჭმევენ, გაცხოვრებენ, ათას დარიგებას უანგაროდ გაძლევენ და კიდევ გზის ფული მოთხოვო.
ნინო ბურჯანაძემ თქვა, ჩემი რუსეთში წასვლის მთავარი მიზანი ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებააო. მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ასე მალე მიღწეული შედეგი - დიახ, ბურჯანაძის ჩასვლიდან მეორე დღეს, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ოკუპანტებმა საზღვარი გადმოწიეს, იმედია, ქალბატონი ნინო მალე დაბრუნდება, თორემ კიდევ უფრო "გაუმჯობესდება" ქართულ-რუსული ურთიერთობები!
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რუსეთში ერთ-ერთ გადაცემასაც ესტუმრა და გადაცხადა, ქართულ მხარეს არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყოსო.
ეჰ, ქალბატონო ნინო, მაგ ქართულ მხარეს არც იმის ვაჟკაცობა ჰყოფნის, რომ ლუსტრაციის კანონი მიიღოს, თორემ დიდი ხანია ყველასთვის ცხადი იქნებოდა, რატომ დადიხართ რუსეთში. ჭკვიანი პოლიტიკოსი ხართ და დარწმუნებული ვარ უწყით, რომ ეს ვიზიტები და მანდ გაკეთებული განცხადებები ქულებს არ მოგიტანთ.
ალბათ, მალე ჩამოხვალთ და ტელე-ეთერებიდან ისევ გვიქადაგებთ. ისევ გვეტყვით, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა თქვენ ხართ, ისევ გალანძღავთ სააკაშვილს და იტყვით, რომ ომი მან დაიწყო, სააკაშვილის ცოდვებს გაიხსენებთ, სხვათა შორის, იმ სააკაშვილისას, რომლის მარჯვენა ხელად ითვლებოდით. ისევ გვეტყვით, რომ თუ არ მოგცემთ ხმას, ქვეყანა დაიღუპება და კიდევ ბევრი "ისევ" იქნება... ამ ყველაფრის მერე მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, იმ ქვეყნისა, რომლის პრეზიდენტიც ორჯერ იყავით და რომლის ბედიც ერთ დროს თქვენს ხელში იყო, ერთადერთი კითხვა გამიჩნდება - ქალბატონო ნინო, არ გრცხვენიათ?!
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE