ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ერთი პატარა სახლი დგას. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 11 წლის საბაა. უკვე ერთი წელია მასზე მშობლების ნაცვლად 70 წლამდე გულით ავადმყოფი პაპა და 16 წლის ძმა ზრუნავენ...
ბერიაშვილების ტრაგედია ექვსი წლის წინ დაიწყო, როცა უკრაინაში სამუშაოდ წასული ბიჭების მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალებას გადაჰყვა ბავშვების ბებიაც. ზუსტად ერთი წლის წინ კი დასავლეთში ავტომობილით მიმავალ ბიჭების დედას თურქული ტრაილერი შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა...
ბერიაშვილების ოჯახს რამდენიმე დღის წინ ვსტუმრობდი. სამზარეულოში საბა და უმცროსი ნოდარი წიგნს კითხულობდნენ... გაყვითლებულ წიგნებზე შემოდებული თმის სამაგრი შევნიშნე. მაშინვე მივხვდი, რომ ბავშვებმა დედის ნაქონ ნივთს განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეს... საბამ დიდი და სევდიანი თვალებით ამომხედა. ვიგრძენი, ამ პატარა ბიჭს ბევრი ჰქონდა ჩემთვის სათქმელი, მაგრამ როგორც ჩანს, უცხო ადამიანთან გულის გადაშლას ერიდებოდა...
ნოდარ ბერიაშვილი, ბავშვების პაპა: - გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში დავიბადე. 25 წლის წინ ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. მთელი ცხოვრება დიდ სატვირთოზე ვმუშაობდი და სულ თბილისი-მოსკოვის გზაზე ვიყავი. მეუღლე და ორი შვილი მყავდა. ეს ოჯახური იდილია ექვსი წლის წინ თავდაყირა დადგა... რამდენიმე წლის წინ უფროსი ბიჭი უკრაინაში წავიდა სამუშაოდ. იქიდან ავტომობილებს გზავნიდა და აქ ყიდდა. ჯანმრთელი იყო, მაგრამ მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ნერვიულობისგან გულის პრობლემები შემექმნა, ჩემს მეუღლეს კი სიმსივნე გაუჩნდა და გიას გარდაცვალებიდან სამ წელში ისიც გამომეცალა ხელიდან. მეორე ბიჭთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, ამაზე ლაპარაკი არ მინდა...
პაპის მოსახელე 16 წლის ნოდარს მამის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ცუდი წინათგრძნობა ჰქონია, დედის დაღუპვამდე კი საშინელი სიზმარი უნახავს...
ნოდარი, შვილიშვილი: - სკოლაში ვიყავი, მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, სახლში უნდა წახვიდეო... არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მამა ცოცხალი აღარ იყო. მამას გარდაცვალების შემდეგ დედა ცდილობდა ჩვენთვის არაფერი მოეკლო. დინამოსთან პატარა მაღაზია იქირავა და იქ ტელეფონის აქსესუარებს ყიდდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2 ივლისს, დედა მეგობართან ერთად დასავლეთში ნათესავებთან მიდიოდა. ავტომობილს თურქული ტრაილერი შეეჯახა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი გადარჩა... რამდენიმე დღით ადრე ცუდი სიზმარი ვნახე, ვუთხარი კიდეც დედას, მაგრამ დამამშვიდა, არაფერი მომივაო. ზუსტად იმ დღეებში დეიდაჩემმაც ცუდი სიზმარი ნახა...