ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება - ეს სრული სახელწოდებაა იმისა, რასაც ჩვენ ყველანი ტექ-დათვალიერებას ვუწოდებთ - რუსული ტერმინის, "ტეხასმოტრის" გამო. საქართველოში ტექ-დათვალირება დღევანდელი მდგომარეობით 2017 წლის ბოლოს უნდა აღდგეს. მართალია, 2017 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ორწელიწადნახევარია დარჩენილი, მაგრამ თუ ახლავე არ წამოვწიეთ ეს თემა, მერე შეიძლება გვიანი იყოს.
სანამ ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" მიერ ჩატარებულ მცირე ექსპერიმენტზე გადავალთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ხდება დღეს საქართველოში ტექ-დათვალირების თვალსაზრისით, რაც, როგორც იცით, დღესაც სავალდებულოა რამდენიმე ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (ასს):
► დღეისათვის საქართველოში აკრედიტებულია 22 ტესტირების ცენტრი.
► საქართველოს ავტოპარკის გათვალისწინებით, სულ საჭიროა მინიმუმ 90 ტესტირების ცენტრი.
► კანონმდებლობის შესაბამისად, ტესტირება სავალდებულოა დაახლოებით 100 000 ასს-სთვის.
► გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას გადის მხოლოდ 20 000-მდე ასს.
► გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება სავალდებულო გახდება ყველა ასს-სთვის.
► უნდა შეიქმნას თანაბარი ბიზნეს-კონკურენცია, გამოირიცხოს მონოპოლია.
► უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოსამზადებელ პერიოდს და საზოგადოების ინფორმირებას.
ჟურნალმა "AUTO BILD"-მა გადაწყვიტა, გაერკვია, დაახლოებით რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ქართველი მძღოლები სავალდებულო ტექ-დათვალირების შემოღების შემდეგ. ამისათვის ჩვენ შევარჩიეთ 5 სხვადასხვა მარკისა და ასაკის ავტომობილი, რის შემდეგაც მივედით თბილისში, გლდანში, ქერჩის ქუჩის 10 ნომერში მდებარე ტესტირების ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა იმ 22 ტესტირების ცენტრიდან, რომელიც დღეისათვის საქართველოშია აკრედიტებული. მივედით, რათა ხუთივე ავტომობილისთვის ჩაგვეტარებინა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და გაგვერკვია, რამდენად აკმაყოფილებენ ეს ავტომობილები თუნდაც მინიმალურ მოთხოვნებს.
გლდანის ტესტირების ცენტრი უახლესი და თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. აპარატურა ძირითადად გერმანულია და არა მარტო დღეისათვის საქართველოში არსებულ, არამედ ევროპულ მოთხოვნებსაც კი აკმაყოფილებს. გლდანის ცენტრში ტესტირების პროცესი სრულად კომპიუტერიზებულია. სანამ ავტომობილი ტექ-დათვალირებას გადის, მისი მფლობელი ამ დროს სპეციალურად მოწყობილ, მოსაცდელ ოთახში იმყოფება და ტესტირების პროცესს თვალს დიდ ეკრანზე ადევნებს. დასკვნა იბეჭდება ავტომატურად.