"21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია" - პროკურატურაში ლიკა კიკიანი კიდევ ერთხელ დაკითხეს

"21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია" - პროკურატურაში ლიკა კიკიანი კიდევ ერთხელ დაკითხეს

ქალაქის პროკურატურაში ლიკა კიკიანი, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, კიდევ ერთხელ დაკითხეს.

როგორც დაკითხვის შემდეგ კიკიანის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვისას საუბარი შეეხო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღწერილია ლიკა კიკიანის დაზიანებები. ადვოკატის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა გამომძიებელმა საქმეს დაურთო.

რაც შეეხება კიკიანის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით კიკიანმა თბილისის მთავარი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის სახელზე განცხადება დაწერა, რომელზეც პასუხი, სავარაუდოდ, ორ დღეში იქნება.

კომენტარი, პროკურატურის დატოვების შემდეგ, ლიკა კიკიანმაც გააკეთა. მისი თქმით, ითხოვს დაზარალებულის სტატუსს, რათა მიიღოს ინფორმაცია საქმის წარმოების დეტალებზე.

"დაზარალებულად ცნობის შემდეგ შემეძლება ყველა ინფორმაციის გაცნობა. დღეს უფრო დეტალურად წავიკითხე, უახლოეს პერიოდში ველოდები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას დიდი ინტერესით, მაინტერესებს რა დასკვნას დადებს სახელმწიფო. ყველა ადამიანს მივმართავ, ვინც ეს საქმე პოლიტიკური გახადა, გულში ჩაიხედოს და ისე თქვას, რომ მე მოსყიდული ვარ. 21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია და ვიბრძვი უსამართლობის წინააღმდეგ. მორალურად ძალიან განადგურებული ვარ და არ ვიცი ამას როდემდე შევძლებ. ძალიან მინდა, რომ მალე გაირკვეს ყველაფერი, დრო აღარ ითმენს, თითოეული ერთი საათი, ჩემი სიკვდილის დამატებითი ერთი საათია. მოვითხოვ მომცენ ვიდეოკამერა. პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, აპოლიტიკური ვარ", - განაცხადა ლიკა კიკიანმა ქალაქის პროკურატურის დატოვების შემდეგ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ