"ჩვენს უგუნურებას საზღვარი არ აქვს" - გივი ბერიკაშვილის მკაცრი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

"ჩვენს უგუნურებას საზღვარი არ აქვს" - გივი ბერიკაშვილის მკაცრი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

"ვინც იმ ახალგაზრდობას ძრახავს, - ბილეთების რიგში რატომ დგანანო, ჩემს ხელს ვაჩვენებ, თუ როგორ მაქვს ჩამოხეული სტადიონზე გადაძრომისას!"... ცნობილი მსახიობი, გივი ბერიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მკაცრ შეფასებებს აკეთებს...

- ცოტა ხნის წინ თბილისში დატრიალებულ სტიქიაზე გკითხავთ... თქვენ ვერაზე გაიზარდეთ და ალბათ, სხვა ასეთი შემთხვევების მომსწრეც ხართ...

- "ბუნება მბრძანებელია" - კარგად წავიკითხოთ ვაჟა-ფშაველას ეს უკვდავი ლექსი. ადამიანი ბუნებას არ უნდა შეეწინააღმდეგო, ჩვენს უგუნურებას კი საზღვარი არ აქვს. მე ვერაზე ვარ გაზრდილი და ვინ მოთვლის, რამდენ სტიქიას მოვესწარი. ეს ხალხი კი მდინარის ნაპირას აშენებს სახლს. ხომ შეიძლება, ღამით მოვარდეს ღვარცოფი და წაგიღოს მძინარე. ეგ არის ჩვენი უჭკუობა.

- ხალხს რატომ მისცეს ნებართვა სახლები იქ აშენებულიყო?

- ვინ მისცა უფლება, შვილო? იმდენს იზამენ, ახლა მაგასაც ბიძინას დააბრალებენ. მანდ დავიბადე და გავიზარდე, კაცო, ვერაზე! ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ზოოპარკი და იქაურობა ორჯერ რომ წაიღო წყალმა და დაახრჩო ცხოველები, ესენი კიდევ მიდიან და სახლებს მაინც იქ აშენებენ. მახსოვს, ზოოპარკიდან ერთხელ დათვი გამოიქცა, ერთხელაც - ლომი. ლომი რომ ვოლიერიდან გამოვარდა, პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევარდა... დაიჭირეს და მოკლეს. ყველაფერი მახსოვს და ნურავის დავაბრალებთ, ყველაფერი ჩვენი ბრალია, თავიდან ბოლომდე. არ დაადგა საშველი ზოოპარკის გადატანას. ასეთი უბედურება დატრიალდა და ახლა უნდათ, ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალონ! ეგრე არ არის, გენაცვალე! ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და თავისი დანაშაული დაინახოს - დიდმა და პატარამ, ჩემი თამადობით! სტიქია რომ მოხდა, უნდა მიეხედა ხელისუფლებასო, სტიქიას ვინ რას უზამდა?! სტიქია ეგ არის, ვეღარც მაშველი და პატრული გიშველის და ვეღარც პატრონი! ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მდინარე ვერე 45 კილომეტრია, მტკვარს ერთვის და ერთი მონაკვეთი ფრიად სახიფათო არისო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს და გაითვალისწინე რა, ნუ ჩასახლდები ზედ მდინარეში! ყველაფერი ჩვენი დაუდევრობისა და უტვინობის ბრალია! დაზარალებულებს ისე მიხედეს, მეტი რომ არ შეიძლება. აი, ცოტა ადრე რომ მომხდარიყო, ფეხებზე დაიკიდებდნენ. ახლა ამდენი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილოები არიან. ჩვენი ქართული ჯიში ეგა ყოფილა, რა, უნამუსოები ვართ და არ ვიცით მადლობის თქმა!

- ქეყნის სხვა პრობლემებზეც ვისაუბროთ: ახლახან საზღვარი ისევ გადმოსწიეს. ამას არ განიცდით?

- ქართული ანდაზაა: "დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო". ვის ეჭიდავები, კაცო, თეთრ დათვს? ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შემრიგებლური პოლიტიკა გავატაროთ. მეზობლურად უნდა ესაუბრო, - როგორ ხარ, ჩემო ბატონო, მობრძანდი, შენი ჭირიმე, მეზობლები ვართ და ასე შემდეგ...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია