"უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით" - Ambebi.ge-ს ექსკლუზივი საოკუპაციო ზონიდან

"უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით" - Ambebi.ge-ს ექსკლუზივი საოკუპაციო ზონიდან

10 ივლისს, საღამოს 17 საათსა და 30 წუთზე ხურვალეთის და წითელუბნის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამაგრეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი გააფრთხილეს, მოსავალი სასწრაფოდ აეღოთ, რადგან მომავალ წელს კუთვნილ მიწაზე დათესვას ვეღარ შეძლებდნენ. "ამბები.გე" ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობის პრობლემას ადგილზე გაეცნო. ქართული საგუშაგო ცენტრალურ მაგისტრალთან დევნილების დასახლებაში რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. სოფელში შესვლა შესაბამისი კონტროლის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. მოსახლეობამ ზუსტად არ იცის, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დადგმის შემდეგ, ტერიტორიის რომელი ნაწილი მიითვისეს ოკუპანტებმა. ისინი მთელ დღეებს ნაკვეთში ატარებენ, უნდათ მოსავლის აღება დროულად მოასწრონ, საქონელს კი აკრძალულ ტერიტორიაზე აბალახებენ.

ვალოდია მახარაძე:

- დადგეს ეს ე.წ. ბანერი და რა ტერიტორია დაიჭირეს არ ვიცით. სავარაუდოდ, 400 ჰექტარი მიწის მითვისება უნდათ. კაცები ჯგუფურად გამოვდივართ სამუშაოდ, ყოველ წუთში გვაქვს შიშის მომენტი, თუნდაც 20 კაცი მოვიდეთ, რა აზრი აქვს? გადმოვლენ ისინი იარაღით და რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. პოლიცია დღეში ორჯერ მოდის და ამოწმებს მდგომარეობას, ძირითადად მილსადენს იცავენ და სოფლის გარეთ არის საგუშაგო გაკეთებული.

- ვინ დაამონტაჟა ბანერი ამ ტერიტორიაზე?

- აქ პარასკევს საღამოს, როცა დაარჭეს ბანერი, მენახირეებს საქონელი ჰყავდათ გამოყვანილი და გააფრთხილეს, გლეხებს გადაეცით, გაზაფხულზე მოსავალს აღარ დაგათესინებთო. რუსებიც იყვნენ და ოსებიც, როგორც მწყემსებმა გვითხრეს. ქერი, ლობიო, ხორბალი გვაქვს დათესილი, ერთი მიწის ნაკვეთი რამდენიმე გლეხს გვეკუთვნის, ფაქტობრივად, ავიღეთ უკვე მოსავალი. ჩვენი მესაზღვრე არ დგას, ჩვენი დამცველი არავინ არის, არც დღე და არც ღამე. თქვენ რომ წახვალთ, ესენიც წავლენ და კაცმა არ იცის რა მოხდება. როცა გამოივლიან და ნახავენ, რომ ბანერი აღარ არის, ჩაგვისაფრდებიან, დაგვიჭერენ, წაგვიყვანენ ოსეთში და გამოსასყიდს მოგვთხოვენ. თავის საზღვარზე გადაყავთ ბიჭები, ბანერებთან უღებენ სურათებს და საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ, შემდეგ გამოსასყიდს აკისრებენ, რომელსაც ოჯახის წევრები იხდიან და ერგნეთიდან აქამდე მოყავს მთავრობას.

ადგილობრივი მცხოვრების, მალხაზ ცეცხლაძის მიწის ნაკვეთი ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოხვდა.

- ჩემი მიწის ნაკვეთი საზღვრის იქეთ არ მოხვდა, თუმცა რა ვიცი, ხვალ შეიძლება იქაც დადგან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი. ახლა სადაც ვდგავართ, ეს ტერიტორია წესით მათ ეკუთვნით, მაგრამ საქონელი სად წავიყვანო საბალახოდ? აქამდე აქ ვმწყემსავდი საქონელს, ვიცი ვარღვევ საზღვრებს, მაგრამ რა ვქნათ? არავინ ჩვენი პატრონი არ არის. ძველი ბანერი აქედან კილომეტრნახევარში იყო, ახლა რა მარშრუტით მიითვისებენ ტერიტორიას, არ ვიცით.

წითელუბნის მკვიდრი ჯერმენა 2008 წელს ოსეთიდან იძულებით დევნილია. ფიქრობს, რომ მალე ისევ დევნილის სტატუსი ექნება.

- 2008 წლის ომის დროს წამოვედი ოჯახთან ერთად გორში საცხოვრებლად. ჩვენი სოფელი ოკუპანტებმა აიღეს, მე გამიტაცეს, ტყვედ ჩავვარდი, ცხინვალის იზოლატორში ვიყავი დაკავებული. მობეზრდათ ჩემი ყურება ოსებს და მითხრეს, გაგიშვებთ და რუსულ არხს ინტერვიუ მიეციო. კარგად დამათვრეს, ტანკზე დამსვეს და სამი საათი "მაკატავებდნენ" ცხინვალში. შემდეგ გამათავისუფლეს. გული მიგრძნობს, აქაც შემოვლენ, მთავრობას მივმართავ - დაცალეთ საბავშვო ბაღები, უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით.

თამარ ბოჭორიშვილი

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?