შიდა ქართლში საოკუპაციო საზღვრის კილომეტრნახევრით გადმოწევა ბევრმა ადგილზე ჩასვლით და ე.წ. სასაზღვრო ბანერების ჩამოხსნით გააპროტესტა. მომხდარისადმი თავისი დამოკიდებულება აქვს ცნობილ მომღერალ ბუბა კიკაბიძეს, რომელიც ავადმყოფობის მიუხედავად საზოგადოების მწვავე პროტესტს უერთდება:
- საშინლად ვარ, ეს ე.წ. საზღვარი ისევ გადმოსწიეს... ეგ გადმოწევა არ დამთავრდება ჩვენ თუ არ მივხედეთ საქმეს ბოლოს და ბოლოს!
- როგორ უნდა მივხედოთ?
- იცით რას გეტყვით? - დაურეკეთ მთავრობას და ჰკითხეთ, იმათ უნდა თქვან როგორ უნდა მივხედოთ! რუსები ასე გადმოწევა-გადმოწევით თბილისამდე მოვლენ. უნდა იგრძნონ, კაცო, რომ ჩვენ ჩუმად არ ვართ! მაგათ ჰგონიათ ჩვენ მაინც ყველაფერს შევეგუებით და შედეგიც ეგ არის, რა! მთავრობას გადაეცით, რომ მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები...
- ჩვენში ბევრს ასეთი პოზიცია აქვს, 2008 წლის მსგავსად რუსეთთან ომს ხომ არ დავიწყებთ ისევო?
- მაშინ ავწიოთ ხელები და ჩავბარდეთ, რაღას ვწვალობთ ამდენს! ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა – ერმა და ბერმა! ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან - მეორე. ეს რა არის, კაცო?!