ერთის მხრივ მივესალმები ჟურნალისტების მიერ გამოცხადებულ პროტესტს საოკუპაციო ზოლთან, თუმცა გვმართებს თავშეკავება, რათა დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ, - ასე უპასუხა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ქართული მხარის მიერ საოკუპაციო ხაზთან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, შეზღუდვები საჭიროა იმისათვის, რომ დაგეგმილ პროვიკაციებს არ წამოვეგოთ. "ერთის მხრივ მივესალმები ჟურნალისტების მიერ გამოცხადებულ პროტესტს საოკუპაციო ზოლთან, რადგანაც ჟურნალისტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ის წუხილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, აწუხებს მათაც. თუმცა, არის მეორე მხარეც, უსაფრთხოების მხარე. ამ დროს გვამრთებს თავშეკავება, რომ ჩვენ მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ", - განაცხადა ვიცე პრემიერმა.
შეკითხვაზე - აპირებს თუ არა თავად კონფლიქტის ზონაში ჩასვლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ აპირებს.