კინოთეატრებში ქართველი რეჟისორის, ლევან გაბრიაძის და პროდიუსერ ტიმურ ბეკმამბეტოვის დესკტოპ ტრილერის -„წაშალე მეგობრები“ პრემიერა შედგა. ფილმის ბიუჯეტი 1 000 000 დოლარს შეადგენს, ხოლო მსოფლიო გაქირავებაში მისმა შემოსავალმა 50 000 000 დოლარს გადააჭარბა. „წაშალე მეგობრები“ გადაღებულია ინოვაციურ ჟანრში, "SCREEN CAPTURE MOVIE” (ვიდეო გადაღება, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე მიმდინარეობს): მოქმედება ვითარდება მთავარი მოქმედი გმირის კომპიუტერის ეკრანზე, რომელიც თავის მეგობრებს “SKYPE” da “FACEBOOK”-ის მეშვეობით ეკონტაქტება.
პროდიუსერი ტიმურ ბეკმამბეტოვი: ჩვენს მიერ შექმნილი ფორმატის ენა უნიკალურია: ის ავტორს აძლევს საშუალებას, ვირტუალური სამყაროს საშუალებით გმირის შინაგანი სამყარო გამოიკვლიოს. ფილმის თანაპროდიუსერია ჯეისონ ბლუმი, რომელმაც შექმნა ისეთი პროექტები, როგორებიცაა პარანორმალური მოვლენების ფრანჩიზა; ასტრალის ტრილოგია და სხვა საშინელებათა ჟანრის პოპულარული ფილმები. ფილმის „წაშალე მეგობრები“ დახურული ჩვენება 2014 წლის ივლისში შედგა კინოფესტივალზე „FANTASIA” კანადაში. ფილმმა სპეციალური ჯილდო მიიღო ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური ფილმი“.
რეჟისორი ლევან გაბრიაძე: კულტურული განსხვავების მიუხედავად, ინტერნეტში ჩვენ ყველა ერთნაირი მომხმარებლები ვართ. ვიყენებთ ერთიდაიგივე პროგრამებს, სისტემებს, საიტებს და სოციალურ ქსელებს. აქედან გამომდინარე ამ ფილმს არ აქვს ტერიტორიული საზღვრები. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, ამერიკიდან, რუსეთიდან, საქართველოდან თუ იაპონიიდან, ჩვენ ყველას ერთნაირი დესკტოპი გვაქვს.
2015 წლის იანვარში გამოჩნდა „წაშალე მეგობრები“ - ს საერთაშორისო ტრეილერი, რომელიც Twitter-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ტრეილერი გახდა. მხოლოდ ერთ დღეში, 14 იანვარს, მომხმარებლებმა 261941-ჯერ გამოაქვეყნეს ინფორმაცია ფილმის და ტრეილერის შესახებ. ტრეილერის ჩვენებებმა კი 20 000-ს გადააჭარბა და წინა რეკორდსმენი ფილმის „გრეის 50 ელფერის“ რეკორდი მოხსნა. ამჟამად ტრეილერს 10 000 000-ზე მეტი ჩვენება აქვს და რამდენიმე ასეული სამოყვარულო პაროდია.