სად იყვნენ ანდრო ბარნოვი და "რუსთავი 2" 2012 წლამდე? - დვანის მკვიდრი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ და პაროდისტულ პატრიოტიზმზე

სად იყვნენ ანდრო ბარნოვი და "რუსთავი 2" 2012 წლამდე? - დვანის მკვიდრი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ და პაროდისტულ პატრიოტიზმზე

ბოლო დღეების მთავარი პოლიტიკური თემა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევაა. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლები მხოლოდ მსგავსი ინციდენტების შემდეგ ახსენდებათ. AMBEBI.GE-ს სოფელ დვანში მცხოვრები სოსო ქოქოშვილი ესაუბრა და სოფელში არსებულ სიტუაციაზე მოგვითხრო:

- შეიძლება ითქვას, ნაღმზე გვიწევს ცხოვრება, რა დროს რა მოუნდებათ ოკუპანტებს, კაცმა არ იცის. საბედნიეროდ, აქ მდგარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჭკუით იქცევიან და იმის შიში მაინც არ გვაქვს, რომ რაიმე პროვოკაციას წამოეგებიან. სხვა მხრივ, ვცხოვრობთ სოფლის ცხოვრებით, მადლობა ღმერთს, სარწყავი წყლის პრობლემა აღარ გვაქვს. მართალია გარკვეულ საფასურს ვიხდით, მაგრამ ის მაინც ვიცით, რომ მოსავალი უწყლობით არ გაგვიხმება.

- ზოგჯერ, სოციალურ ქსელებში ვხვდებით სტატუსებს, სადაც ამბობენ, თითქოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები გლეხები მოსავლის სანაცვლოდ თმობენ ყველაფერს და პატრიოტიზმსაც ივიწყებენ...

- მათ, ვინც მაგას წერს, მინდა ვკითხო, 2008 წელს სად იყვნენ?! ძალიან იოლია კლავიატურაზე კაკუნი ან მიკროფონით ხელში განცხადების კეთება. რომელი ერთი დამიდგება, მე ან ჩემს მეგობრებს და გაგვეჯიბრება სამშობლოს სიყვარულში?! მაგ ადამიანებს ერთხელ მაინც რომ აეღოთ ხელში ბარი ან თოხი, სხვანაირად ილაპარაკებდნენ. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ რომ არა ადგილობრივი გლეხების თავგანწირვა და ზუსტად საზღვრის პირას მოსავლის მოყვანა, ეს მიწები დიდი ხანია დაკარგული იქნებოდა. თუ ასე ძალიან შეტკივათ გული ჩვენზე, სანამ საზღვარს გადმოწევს ოკუპანტი, მანამდე გაგვიხსენონ და ჩამოვიდნენ. არ გვინდა დახმარება, ისე ჩამოვიდნენ, არც პურს დავამადლებთ და არც ღვინოს, მაგრამ ისე რომ ჩამოვიდნენ, კამერები ვერ დაინახავენ, ქულებს ვერ ჩაიწრენ, არადა ეგაა მაგათი მიზანი, თორემ ჩვენი ბედი რეალურად არც ადარდებთ.

სად იყო "რუსთავი 2" 2012-წლამდე, თუ მანამდე არ არსებობდა საზღვრისპირა სოფლები?! ერთხელ მაინც ჩამოსულიყვნენ და ეკითხათ, რა გვიჭირდა, მაგრამ აბა მაშინ ვის გავახსენდებოდით. ან ბატონი ანდრო ბარნოვი სად იყო მთელი ამ ხნის მანძილზე?! დიდი ხანი იყო ჩვენი გუბერნატორი, მაგრამ ვიდრე ჯანდაცვის მინისტრი ბატონი სერგეენკო არ ჩამოვიდა სოფელში, მანამდე თვალით არ გვყავდა ნანახი. მაშინაც ჩვეული დემაგოგობა დაიწყო და მიიღო კიდეც საკადრისი პასუხი. ბატონ ანდროს, თუ ასე შესტკიოდა ჩვენზე გული, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების ხელმძღვანელობას შეხვედროდა და ის მაინც მოეხერხებინა, რომ ტელეფონი ნორმალურად დაეჭირა, მაგრამ სად ეცალა მაგისთვის. ახლა კია დიდ გულზე და უბრალო პოლიციელს უყვირის. საინტერესოა, იქვე ახლო-მახლო მდგომ რუს სამხედროსთან თუ ექნებოდა ასეთი დიდი გული?!

რატომ ჰგონიათ, რომ საოკუპაციო საზღვართან მცხოვრებ ხალხს დაგვავიწყდა ის, რაც მაგათ აკეთეს. 2008 წლის ომის დროს, ჩვენთან სოფელში ბევრს დაეწვა სახლი და ხელისუფლებამ კომპენსაციად მხოლოდ 15 000 დოლარი მისცა, ერთი-ორმა პრეტენზია გამოთქვა - ამ ფულით პატარა კოტეჯიც არ აშენდებაო და კუდში დაიბარეს, თუ ბევრს ილაპარაკებ, მაგასაც ვერ ეღირსებიო. მაშინ სად იყო "თავისუფალი ზონა"?! ბოლოს რომ გადმოწიეს დვანში საზღვარი, მას მერე არავის გავხსენებივართ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ისევ რამე გააკეთეს ოკუპანტებმა, უცებ ყველა პატრიოტი გახდება და ბანერების გლეჯვას დაიწყებს. გუშინ "თავისუფალი ზონის" ვიღაც წარმომადგენელი ამბობდა, ხურვალეთში ხალხი არ გვიპირისპირდება, ის, ვინც ჩვენს წინააღმდეგია, მაგათ შსს ატარებს აქეთ-იქით და ადგილობრივები არ არიანო. ახლავე ვეუბნები, რომ თუ აქ ჩამოვიდნენ და მსგავის პროვოკაციები დაიწყეს, რაც ხურვალეთში, ჩვენც დავუპირისპირდებით, რადგან პატრიოტიზმს მსახიობობა არ სჭირდება, არც ისეთი პაროდისტობა, როგორც ბატონი ბარნოვი აკეთებდა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უახლესი| სოფელ კნოლევიდან მამა-შვილი გაიტაცეს - შვილმა გამოქცევა მოახერხა, 53 წლის მამაკაცი ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია