საიდუმლო სკანდალური დოკუმენტი საქართველოში კარტელურ ხუთეულზე

საიდუმლო სკანდალური დოკუმენტი საქართველოში კარტელურ ხუთეულზე

"კარტელური შეთანხმების ნაყოფია - კონკურენტები ჩამოიშორეს, შექმნეს ხელოვნური ბარიერები იმპორტის, დისტრიბუციისა და გაყიდვის ნაწილში და ავტოგასამართი სადგურების ქსელიც კი გადაინაწილეს"

8-თვიანი კვლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ ნავთობ­პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიები 54.698.329 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს 50-ტომიან დასკვნაში 1200 გვერდია. ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი არ გახდება, თუმცა "კვირის პალიტრამ" მოიპოვა ამ დოკუმენტის ანოტაცია, რომელიც ჯერ მხოლოდ დაჯარიმებულ კომპანიებს დაეგზავნათ გასაცნობად.

კვლევის შედეგად, კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის ბაზარზე კონკურენციის პრინციპები ირღვეოდა; იმპორტს ხელი ეშლებოდა ხელოვნური ბარიერებით, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, მათ შორის "ვისოლს",­ "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს"­ და მათ­თან დისტრიბუციით და­კავშირებულ აგენტებს სანქციები დაეკისრათ. დაჯარიმდნენ ფრენშაიზინგის (ბრენდის მფლობელის მხრიდან მიმღები კომპანიისთვის ნების დართვა, თავისი სამ­არკო ნიშნის ქვეშ წარმართოს ბიზნესი, ანაზღაურებ­ის სანაცვლოდ და შეთანხმ­ებული პირობების დაცვ­ით. ე.წ. მზა ბიზნესის შეძ­ენა) მიმღები მცირე კომპანიებიც.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი ჯარიმა - 14.381.385 ლარი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" დაეკისრა; "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელიც ბაზარზე "გალფის" ბრენდით ოპერირებს, 11.267.384 ლარით დაჯარიმდა, "რომპეტროლ საქართველო" - 10.845.806 ლარით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10.426.393 ლარით, "ლუკოილ-ჯორჯია" - 4.740.260 ლარით. კიდევ ორ ფირმას მილიონზე მეტი ლარი დაეკისრა და ერთსაც - 650 ათასზე მეტი. გარდა ამისა, სიმბოლური 200-200 ლარით დაჯარიმდნენ წვრილი კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ.

საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც "კვირის პალიტრამ" მოიპოვა

ჩვენ მოვიპოვეთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნის ანოტაცია, სადაც 1200-გვერდიანი დასკვნის ძირითადი აქცენტები და მოკლე შეფასებაა გადმოცემული.

აღსანიშნავია, რომ კარტელურ გარიგებაში ბრალდებულმა არც ერთმა კომპანიამ არ ითანამშრომლა კონკურენციის სააგენტოსთან და არც გარიგებაში მონაწილეობა უღიარებია. არადა, ასეთ შემთხვევაში კომპანია დაკისრებული ჯარიმისგან თავისუფლდებოდა (!). ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ დასკვნაში შესული მასალების ნაწილი იმდენად მძიმე დანაშაულს ეხება, არ არის გამორიცხული, მასალების ნაწილი პროკურატურის, ნაწილი კი ფინანსური უწყების საგამოძიებო სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცეს.

კომპანიები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

პირველი, ვინც კონკურენციის სააგენტოს დასკვნას უპასუხა, "ვისოლ ჯგუფი" იყო. "ჩვენ არ დაგვირღვევია "კონკურენციის შესახებ" კანონის არც ერთი მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში გაიმართა შემაჯამებელი სხდო­მა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც სააგენტოს წარვუდგინეთ არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სააგენტომ არ გაიზიარა არც ერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა "კონკურენციის შესახებ" კანონთან მიმართებაში. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას კანონით მონიჭებული გზებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია