რა ასაკიდან უნდა დავტვირთოთ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს

რა ასაკიდან უნდა დავტვირთოთ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს

ხშირად მშობელი ცდილობს შვილს პატარაობიდან შეასწავლოს უამრავი უცხო ენა, ატაროს ცეკვაზე, მუსიკაზე, ფეხბურთზე, ცურვაზე, ამისათვის მშობლები არც დროსა და არც თანხას არ ზოგავენ, თუმცა ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა შედეგის მომტანი იქნება მათი მცდელობა, სურს თუ არა ბავშვს ამა თუ იმ წრეზე სიარული ან რამდენად მზად არის პატარას გონება და სხეული ამისათვის.

Ambebi.ge-სთან საუბრისას ექიმი-რეაბიტოლოგი მანანა რუხაძე ამბობს, რომ პატარაობიდან, განსაკუთრებით კი ხუთი წლის ასაკიდან, ბავშვის სხეული ფიზიკური დატვირთვისთვის, როგორიც არის ცეკვა, ფეხბურთი და სხვა, მზად არ არის.

"პირადად მე ვთვლი, რომ 5 წლის ბავშვისთვის ასეთი დატვირთვა ძალიან ადრეა. ბავშვი განვითარებას 6-7 წლის ასაკიდან იწყებს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პირობითი რეფლექსების ჩამოყალიბება და მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვის ფიზიკური დატვირთვა.

თუ სპორტზე ვისაუბრებთ, სპორტს აქვს მიმართულებები, რომელიღაცა სახეობას უფრო ძალა სჭირდება, ზოგს გამძლეობა, სისწრაფე. სპორტი ძირითადად, ამ თვისებების კომბინაციაა, მაგრამ უპირატესად რომელიღაცა თვისება უფრო საჭიროა. აქ აუცილებლად უნდა ჩავერიოთ და რომელი თვისებაც ბუნებრივად ვითარდება, იმისი აქცენტირება უნდა მოხდეს", - ამბობს მანანა რუხაძე.

მისივე თქმით, სპორტის თითოეულ სახეობას შესაბამისი პერიოდი აქვს, თუ როდის შეიძლება ბავშვი ამ სპორტით დავტვირთოთ:

"მაგალითად, თუ გვინდა ბავშვი გამოვიდეს მოჭიდავე ან ძალოსანი, სპორტის ეს სახეობა ძალას მოითხოვს, ბავშვებში კი ძალა 11 წლამდე ძალიან ნელა ვითარდება, 11 წლიდან უკვე საკმაოდ კარგად ვითარდება და პიკს  16-17 წელს აღწევს. ამის მერე ამ თვისების განვითარების უნარი კლებულობს, ამიტომ სპორტის ამ სახეობისთვის 11 წლიდან მაქსიმუმ 17 წლამდე პერიოდი უნდა გამოვიყენოთ.

ფეხბურთი, იმის გარდა, რომ ბავშვს გუნდურ თამაშს ასწავლის, სხვა უნარების გამომუშავებასაც უწყობს ხელს, ვინაიდან სპორტის ამ სახეობაში საჭიროა სისწრაფე, გამძლეობა და მეტ-ნაკლებად ძალაც. ამ სპორტისთვის საუკეთესო ასაკი 9 წელია. 9-დან 12 წლამდე არის პერიოდი, როცა ფეხბურთში ბავშვის საუკეთესო უნარები იკვეთება. რაც შეეხება ცეკვას, ვფიქრობ, რომ 5 წელი ბავშვისთვის ადრეა. ჯობია ბავშვი ცეკვაზე 6-7 წლიდან მივიყვანოთ", - ამბობს მანანა რუხაძე.

ფსიქოლოგების თქმით, მშობლები ხშირად ვერ აანალიზებენ თავიანთი შვილების უნარს და მიუხედავად ბავშვის წინააღმდეგობისა, მაინც შეჰყავთ სხვადასხვა წრეზე.

"ბავშვმა თავისი სურვილითა და არჩევანით უნდა იაროს. ხოლო როგორ გააკეთებინო არჩევანი, ამას უნდა ბავშვთან კომუნიკაციის უნარი და ახსნა. ცურვაზე იმიტომ კი არ დაჰყავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონები გამოვლენ, დაჰყავთ იმიტომ, რომ ცურვა ხელს უწყობს ორგანიზმის განვითარებას, სიმაღლეში ზრდას და ა.შ. ამ დროს არანაირი დაძალება საჭირო არაა, თუ ბავშვს არ უნდა და მაინც დაჰყავთ, ეს პატარის ფსიქოლოგიისთვის ძალიან ცუდია", - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგ ნინო სხირტლაძის თქმით, მშობელს არ უნდა გამორჩეს ის დატვირთვა, რასაც ბავშვი ყოველდღიური რეჟიმის დაგეგმვისას იღებს.

"ბევრია შემთხვევა, როცა ბავშვი დილიდან საღამომდე არის წრეზე, რასაც ემატება გაკვეთილების მომზადების პროცესი. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცურვა და ცეკვა დატვირთვა არ არის და დასვენებად თვლიან, რაც რეალურად არასწორია, რადგან ყველა ასეთი ორგანიზებული აქტივობა ბავშვისგან ძალისხმევას მოითხოვს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვთან მიდგომას აქვს და რაც მთავარია, მშობელმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება კითხოს ბავშვს, რა მოსწონს, ასევე დააკვირდეს პატარას ქცევას და დაკვირვების გზითაც მიხვდეს, რა არის ბავშვისთვის სასიამოვნო და რეალურად, რა მიდრეკილებები აქვს", - ამბობს ნინო სხირტლაძე.

ფსიქოლოგის თქმით, საქართველოში მშობლის ერთ-ერთი დომინანტური სტილი, რომ მან ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება თავის შვილს, ხშირად არასწორ შედეგს იძლევა.

"მთავარი მხოლოდ მშობლის გადაწყვეტილება არ არის, ბავშვი თავად უნდა მიხვდეს, რა უნდა და როდის, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე წარმართვის პროცესი. მაგალითად, როგორ მიაწვდის მასწავლებელი ან მშობელი ინფორმაციას ბავშვს, ანუ მთავარი ახსნის პროცესია, რამდენად დააინტერესებენ ბავშვებს ამა თუ იმ სპორტით ან საგნით.

ასეთ დროს თავიდან პატარას შეიძლება რაღაც არ მოეწონოს, მაგრამ თუ საინტერესოდ მიაწვდი, უარს არ იტყვის. ხოლო თუ ეს ყველაფერი იძულების და მკაცრი დირექტიული ფორმებით ხდება, ინტერესიც ხშირად იკარგება. მთავარი მიდგომაა და არა ის, ბავშვს რომელი საგანი ვასწავლოთ ან არ ვასწავლოთ", - ამბობს ნინო სხირტლაძე.

თაკო ესებუა

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?

"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

"ბებია გრძნობდა... არ წახვიდეო, აფრთხილებდა" - ვინ არიან ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები