იაშვილის საავადმყოფოდან 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის ცხედარი დედ-მამამ 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე გამოასვენა და ქუთაისში გადაასვენა. მაკა კოხრეიძე, რომელსაც 2 ვაჟი - 6 წლის გოგა და 11 წლის თენგო ჰყავდა გარდაცვლილი, მესამე შვილის შველას 7 წელი დაჩოქილი იხვეწებოდა, მაგრამ ამაოდ. უბედურ დედას ბოლოს ბევრი გამოეხმაურა, მაგრამ ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა. ბიჭის დასახმარებლად "კვირის პალიტრაში" რამდენჯერმე დავწერე და არასოდეს ამომივა თვალიდან, რა მუდარით მიცქერდა დედის მკერდზე მიყრდნობილი...
მაკა კოხრეიძის ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა. ერთ დღეს 6 წლის გოგა მამასთან თამაშობდა, რომ მოწყვეტით დაეცა და... ამოუცნობი დაავადებით გარდაცვლილი შვილი მაკამ მანქანაში ჩაასვენა და მასთან ერთად გადმოლახა რუსეთ-საქართველოს საზღვარი... შემდეგ ამავე ამოუცნობი დაავადებით დაუძლურებული თენგოს ხელი ეჭირა. შვილი შველას სთხოვდა, ის კი ვერაფერს შველოდა. ახლა უკვე გიორგი! გიორგის შველა მთელი საქართველოს ფიქრად იქცა. ჩვენს მწირ პირობებში ყველამ ერთად იმდენი შეძლო, რომ ბიჭი გერმანიაში გაიგზავნა სამკურნალოდ. ბავშვს ნივთიერებათა ცვლის სრული მოშლა დაუდგინეს. თითქოს უშველეს კიდეც... მერე დედა-შვილი ისევ იაშვილის საავადმყოფოში აღმოჩნდა. დედას ახლა 12 წლის გიორგის გალეული ხელი (ის 15 კილო იყო!) ეჭირა ხელში...
- ნუგეშის ყოველი სიტყვა ამაოა, ახლაც ჩამესმის ყურში თქვენი სიტყვები, რომელსაც გიორგის ეუბნებოდით, - მოგიკვდა დედაო.
- საფლავში კიდევ 2 შვილი მელოდება. ჩემი გიორგიც წავიდა. აღარ მეუბნება, დედა, მიშველეო. ვერ უშველა დედამ.
- რაც შეგეძლოთ, ყველაფერი გააკეთეთ, არავინ მეგულება, ვინც თქვენსავით ტანჯვა-წამებას გაუძლებდა.
- არც არავის ვუსურვებ! ჩემი შვილების ხვეწნა მესმოდა, - მიშველე, დედა, მტკივაო და ყველას ვემუდარებოდი, შვილები გადამირჩინეთ-მეთქი. ხვეწნა-მუდარით გაბეზრებული მყავდა ხალხი, თან სხვა გზა არ მქონდა. თან მრცხვენოდა - მარტო მე კი არა, ჩემი ცოდვით სხვაც მათხოვრობდა... ბოლოს ფული, რითაც გიორგი გერმანიაში უნდა წასულიყო, "ქართუმ" მოგვცა. ეს ფული რომ ცოტა ადრე გვქონოდა, მოვასწრებდით წასვლას, - იქიდან შემოგვითვალეს, ჩამოდით და მკურნალობას გავაგრძელებთო. ფული რომ გადმოირიცხა, გიორგიმ მითხრა, - დედა, ნუ გეშინია, ახლა რომ წავალთ გერმანიაში, უკვე მოვრჩებიო...