გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ I საუკუნეში შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს

გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ I საუკუნეში შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს

სამი კვირის მუშაობის შედეგად, გონიოში მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაფიქსირდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიონიოს ციხეში ერთ-ერთი კონსტრუქციის იატაკზე, რომლის სავარაუდო ფართობი 100 კვ.მ. უნდა იყოს, გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოჩნდა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა.

"რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩნდა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული (ახ.წ. I ს-ის მეორე ნახევარი) მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი ნიმუშები ძალზედ ცოტაა და, როგორც წესი, ადგილობრივი ელიტისთვისაა განკუთვნილი. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული", - აცხადებენ სამინისტროში.

გიონიოს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში გრძელდება რომაული ეპოქის ყაზარმის ნაშთების შესწავლა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, გონიოს ციხეში 27 ივნისიდან მიმდინარეობს ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონი. ექსპედიციის თანახელმძღვანელებია: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალის მმართველი შ. მამულაძე და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რ. კარასიევიჩ-შჩიპიორსკი. თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც პოლონურმა მახარემ ჩაატარა გეოდეზიური და გეოფიზიკური სამუშაოები. არჩეული იქნა ყველაზე პერსპექტიული უბანი, სადაც 2014 წელს ძველი აბანოს ნაშთები დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია