ბექა ბასილაია - ზურაბ ჟვანია საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ხშირად აგდებდა

ბექა ბასილაია - ზურაბ ჟვანია საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ხშირად აგდებდა

ზურაბ ჟვანია საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ხშირად აგდებდა და გასაკვირი არ არის, რომ პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალების დასაფარად დაცვის წევრებისთვის მარტო დატოვება ეთხოვა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის შემდეგ ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ზურაბ ჟვანია ხშირად მოითხოვდა დაცვისგან ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

"მოწმემ გაიხსენა აჭარის რევოლუციის ვითარება. ასევე ისაუბრა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც ჟვანიას ესკორტი დაიცხრილა და ერთი თანამშრომელი დაჭრეს. ანუ ზურაბ ჟვანია თავისი პოლიტიკური კარიერის მიზნებისთვის ხშირად საკუთარ სიცოცხლეს თვითონ აგდებდა საფრთხეში და თავისი პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალების დასაფარად დაცვის წევრებისთვის რომ ეთქვა, მარტო დაეტოვებინათ, უცნაური და გაუგებარი არაფერი არ არის", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისი თქმით, იგი გამოეხმაურა პროკურორის განცხადებას, რომლის თქმითაც მოწმეების ჩვენებით ხარშილაძე და ძაძამია პრემიერის გარდაცვალების დროს რესტორანში იმყოფებოდნენ, რაც მათი მხრიდან გულგრილობის დამადასტურებელია.

"დემაგოგიაა ეს. კობა ხარშილაძე გაეთავისუფლა ჟვანიას და წავიდა თანამშრომლების ოჯახის შეკრებაზე. იქ არ ყოფილა ღრეობა და ქეიფი. ეს იყო ოჯახური ვახშამი. ძაძამია კი იმ დღეს დაცვაში საერთოდ არ იმყოფებოდა. ზურაბ ჟვანიამ მას თავისი ტელეფონით დაურეკა და დაეთხოვა. ეს იყო ძაძამიას გამოსასვლელი, თავისუფალი დღე. ჟვანიამ მას დაურეკა, რომ გადაეყვანა საბურთალოს ქუჩაზე 53ა-ში. განა ყველა დაცვის თანამშრომელს ეუბნებოდა ზურაბ ჟვანია თავისი პირადი ცხოვრების დეტალებს. ამაზე ინფორმაცია მხოლოდ კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას ჰქონდათ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მისი დაცვის ყოფილი წევრების, მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის წინააღმდეგ საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ