"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა" - ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა" - ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

ალექსეი გრეკოვი მეუღლესთან ერთად უკრაინიდან ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდა. ტურისტულ ქალაქში ორი კვირით მყოფმა ალექსეიმ და ოქსანამ ბათუმი და მისი შემოგარენი დაათვალიერეს, დააგემოვნეს აჭარული სამზარეულო და ქართული ღვინოები. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საზაფხულო არდადეგებში უჩვეულო ის არის, რომ ალექსეიმ 40 წლის წინ, ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა აღიდგინა და სპეციალურად Ambebi.ge -სთვის რამდენიმე სიტყვაც დაწერა. ალექსეის ბათუმის ღირსშესანიშნაობებთან ერთად უყურადღებოდ არცერთი ქართული წარწერა არ დარჩენია. თუ როგორ ისწავლა ქართულად წერა და კითხვა ამის შესახებ ალექსეის Ambebi.ge გაესაუბრა:

ვიდეო: ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა. როცა პატარა ვიყავი მამაჩემის ქართველი კოლეგები ხშირად გვიგზავნიდნენ ქართულ ღვინოს. მე ვაგროვებდი ბოთლების ეტიკეტებს, რომლებზეც ღვინის სახელწოდება ქართულ და რუსულ ენებზე ეწერა. დავინტერესდი ამ ენით, რომელსაც ასეთი შესანიშნავი ანბანი ჰქონდა. ერთმანეთს ვადარებდი ქართულ და რუსულ წარწერებს და ასე ვისწავლე ქართულად წერა და კითხვა. გასაკვირი ის არის, რომ 40 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსულმა ქართულად ყველა წარწერის წაკითხვა მოვახერხე. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა - როცა მეგონა ეს ყველაფერი დავიწყებული მქონდა და ამ დროს ვკითხულობ. ნაწილის თარგმნასაც ვახერხებ", - აღნიშნა ალექსეიმ.

უკრაინელი წყვილის 14 დღიანი ბათუმური ტურნე ქართული ღვინის დეგუსტაციით დასრულდა. ალექსეი დაინტერესდა, აქვს თუ არა ქართულ ღვინოს ისეთივე არომატი, როგორც 40 წლის წინ მამის მეგობრების მიერ გამოგზავნილს ჰქონდა. სავარაუდოდ, არომატი იგივეა, რადგან მან დეგუსტაციის შემდეგ ქართული ღვინის თან წაღება გადაწყვიტა:

"გაუმარჯოს ქართველ ხალხს, ქართულ მიწას, ქართულ ღვინოს, რადგანაც ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. უკრაინელები და ქართველები მსგავს სიტუაციაში ვართ, ჩრდილოელ მეზობელთან თანაცხოვრება რთულია, მას არ უნდა მშვიდობიანი თანაცხოვრება. სამაგიეროდ, ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, გვიყვარს ერთმანეთი მიუხედავად იმისა, რომ ზღვა გვყოფს. არაჩვეულებრივი ერი ხართ, რომელთანაც ერთად თანაცხოვრება, მეგობრობა და ღვინის დალევა გინდა", - აღნიშნა ალექსეიმ.

წყვილი კიევში დღეს დაბრუნდა. სავარაუდოდ, მათ ბათუმური ემოციები მომდევნო წლის ზაფხულამდე გაყვებათ.

ნინო ხოზრევანიძე

Ambebi.ge ბათუმიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია