ტრაგედია დატრიალდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში. გუშინ დაახლოებით 15:00-დან 17:00 საათამდე მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა წყალმა წაიღო, ექვსიდან სამმა - ორმა გოგონამ, 21 წლის ვერიკო ზედგენიძემ , 20 წლის მარიამ ფოცხიშვილმა და მისი ძმამ 17 წლის გიორგიმ წყლიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს და დაიღუპნენ. ოჯახი, რომელმაც ერთდროულად ორი შვილი უნდა გამოიტიროს, ახლა მხოლოდ შვილიშვილის იმედად რჩება. მარიამს ერთი მცირეწლოვანი ვაჟი და მეუღლე დარჩა. რაც შეეხება ახალციხეში ჯავახეთიდან სტუმრად ჩამოსულ ვერიკო ზედგენიძეს, ამ გოგონას შესახებ ფოცხიშვილების მეზობლები და ოჯახის ახლობლები ინფორმაციას არ ფლობენ. "სამხრეთის კარიბჭე" იმ ახალგაზრდების კომენატრებს აქვეყნებს, რომლებიც გარდაცვლილებთან ერთად იმყოფებოდნენ მდინარეზე.
ხვიჩა ნაზარეტიანი: "შუადღეს წავედით, თავიდან ისინი (სამ გარდაცვლილს გულისხმობს "ს.კ") ნაპირთან იყვნენ, რადგან ცურვა არ იცოდნენ. მერე შევიდნენ ღრმა წყალში უკან უნდოდათ გამოსვლა, მაგრამ ვეღარ გამოვიდნენ. სამივე ადგილზე ჩაიტანა წყალმა და ჩაძირა. ამ ადგილზე პირველად ვიყავით. არ ვიცოდით წყალი ღრმა რომ იყო, უცებ ჩავარდნენ. რომ შევბრუნდი უკვე იძირებოდნენ, მარტო ხელები ჩანდა."
არჩილ ინასარიძე: "ორი იხრჩობოდა და ორივე ხელებზე ჩამომეკიდა, უცებ ჩავარდნენ, ერთის გამოყვანა შევძელი, მეორეზე რომ შევტრიალდ,ი აღარ ჩანდა. ცურვა მარტო მე ვიცოდი, დანარჩენებმა - არა."
ტრაგედიის დეტალებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში გამგებლის წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე გვესაუბრება.
გიორგი დიასამიძე:
- გარდაცვლილი გოგონა, მარიამი, რუსთავშია გათხოვილი და შვილის თანხლებით მშობლებთან დასასვენებლად იყო ჩამოსული. მეზობლებთან ერთად
მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, წელამდე წყალი ყოფილა, ცურვა არ სცოდნიათ და წყლის სიღრმეში არც შევიდოდნენ. როგორც ვიცი, წყალში ორმო იყო და იქ ჩაცვივდნენ, შემდეგ გოგონები დინებამ გაიტაცა.