თბილისის მერი დავით ნარმანია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიების ბოლოს მომხდარ მცირე ხანძარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები შესაბამის სამსახურებთან ერთად წინასწარ იყო დაგეგმილი და აღნიშნული ხანძრის ჩაქრობა ძალიან მალე მოხდა.
"ხანძართან დაკავშირებით ინფორმაცია რა თქმა უნდა გვაქვს. ჩვენ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები შესაბამის სამსაურებთან ერთად წინასწარ გვქონდა გათვლილი და შესაბამისად მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წამში გაჩნდნენ", - აღნიშნა ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერი საზეიმო ღონისძიებას დადებითად აფასებს. "საზეიმო ღონისძიება ძალიან საინტერესო გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მნახველი კმაყოფილია. საკმაოდ საინტერესო პროგრამა იყო წარმოდგენილი, სადაც რამდენიმე მიმართულებით იყო გათვლილი ის მთავარი ეფექტები, რაც უნდა ენახა მაყურებელს. მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი პარტნიორები, კოლეგები, ვინც ეს ღონისძიება ნახა, გვილოცავენ. ეს იყო გრანდიოზული გახსნა. ახლა ჯერი უკვე სპორტსმენებზეა, რომლებიც დარწმუნებული ვარ მოწოდების სიმაღლეზე არიან და არაერთხელ გვასახელებენ", - აღნიშნა თბილისის მერმა.