უცხოელი არქიტექტორების აშენებული უნიკალური შენობები თბილისში

უცხოელი არქიტექტორების აშენებული უნიკალური შენობები თბილისში

"მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისს თითქმის ყველა უცხოელი არქიტექტორი აშენებდა", - ამბობს Ambebi.ge -სთან საუბრისას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

იმის გასარკვევად, თუ რომელი შენობებია დედაქალაქში უცხოელი არქიტექტორების მიერ აშენებული, საკრებულოს წევრს მივმართეთ. ალეკო ელისაშვილის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გარდა, თბილისში არსებული ძველი და ხალხისთვის ცნობილი თითქმის ყველა შენობის მშენებლები უცხოელი არქიტექტორები იყვნენ.

"საბჭოთა პერიოდამდე შენობების უმეტესობა სულ უცხოელებმა ააშენეს. სამწუხაროდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანი არ გვყავდა. ილია ჭავჭავაძეც ამბობდა, რომ საქართველოს მაშინ ეშველება, ათი ინჟინერი რომ გვეყოლებაო იმიტომ, რომ იმ დროს ტექნიკური განათლების მქონე ადამიანი არ იყო. ძველი თბილისელი მშენებლების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, არქიტექტურის შესახებ ნახაზებიც არ არის შემორჩენილი, როგორ და რანაირად აშენებდნენ ძალიან უცნაურია.

"რაც შეეხება უფრო მეტად ცნობილ პერიოდს, მეცხრამეტე საუკუნეს, რომელ პერიოდზეც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, იმ პერიოდში თბილისს აშენებდა თითქმის ყველა უცხოელი არქიტექტორი. მაგალითად, საკრებულოს შენობის შიდა სივრცის პროექტი ალექსანდრ ოზეროვს აქვს გაკეთებული, გარე ფასადი კი პაულ შტერნმა დაამუშავა, ის იყო გერმანელი ებრაელი, თბილისში მცხოვრები არქიტექტორი", - ამბობს საკრებულოს წევრი.

მისი თქმით, მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში ქართველმა არქიტექტორმა მხოლოდ ერთადერთი შენობა - სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ააშენა.

"უნივერსიტეტი თავდაპირველად შენდებოდა როგორც ქართველ თავადაზნაურთა გიმნაზია და მისი მშენებელი სოხუმის მთავარი არქიტექტორი, სიმონ კლდიაშვილი იყო, რომელიც სოხუმიდან საგანგებოდ გამოიწვიეს.

"ქართველი არქიტექტორები იმდენად არ გვყავდა, რომ როდესაც ქართულმა საზოგადოებამ, პირველ რიგში კი დავით სარაჯიშვილმა გადაწყვიტა, რომ ძალიან მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ქაშუეთის ეკლესიის განეახლებინათ, ეკლესიის ხუროთმოძღვრებიც კი არ გვყავდნენ იმდენად იყო ტექნიკური განათლება დაკარგული, ამიტომ ახალი ეკლესიის აგება დავით სარაჯიშვილმა გერმანელ არქიტიქტორ ლეოპოლდ ბილფელდს შეუკვეთა, რომელმაც ქაშუეთი სამთავისის ეკლესიის ნიმუშად ააგო.

"პოლონელმა ალექსანდრე შიმკევიჩმა უზენაესი სასამართლოს შენობა ააშენა. პიონერთა სასახლე შვედი არქიტექტორის, ოტო სიმონსონის რეკონსტრუირებულია. კორნელი ტატიშევმა ააშენა რუსთაველის თეატრი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მისივე თქმით, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც თბილისში გამალებული აღმშენებლობის ეტაპი იდგა , სოლოლაკს, მთაწმინდას, რუსთაველის გამზირს, ჩუღურეთს, დიდუბეს ევროპელი არქიტექტორები აშენებდნენ. მისივე თქმით, იყვნენ სომეხი არქიტექტორებიც, რომელთაც თბილისში რამდენიმე შენობა ააშენეს.

"მაგალითად სომეხმა არქიტექტორმა ტერმიქელოვმა სასტუმრო თბილისი მერიოტი ააშენა, სხვამ დაიწყო და ტერმიქელოვმა დაასრულა. მანვე საბჭოთა პერიოდში ააშენა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე რკინიგზელთა სახლი. შესანიშნავი სომეხი არქიტექტორი იყო მიხეილ ოგაჯანოვი, რომლის აშენებულია დღევანდელი ეროვნული ბანკის შენობა. ოგაჯანოვმა ააშენა ჭონქაძის ქუჩაზე ბოზარჯანცების სახლი, რომლებიც თბილისში სიგარეტის მწარმოებლები იყვნენ. დღეს რომ გმირთა მოედანზე აბრეშუმის ფაბრიკაა, იქ იყო სიგარეტის ქარხანა, სადაც თავის დროზე მუშად სტალინიც მუშაობდა.

"ასევე იყო სომეხი არქიტექტორი ტერ სარქისიანი, რომლის აშენებულია მაჩაბლისა და დადიანის კუთხეში, ლამაზი აივნიანი სახლი, ისევე როგორც ბამბის რიგში შენობა რომ უხვევს, ახლა იქ ბევრი კაფეა გახსნილი.

"თბილისში დღეს რითიც თავს ვიწონებთ, სიმონ კლდიაშვილის მიერ აშენებული თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გარდა, ქართველების აშენებული არაფერია. ქართველებმა ააშენეს ანჩისხატი, მეტეხი, სიონი, თუმცა არ ვიცით ამ ტაძრების არქიტექტორები ვინ იყვნენ, ვიცით დამფინანსებლები, მაგრამ არ ვიცით ვინ ააშენა", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია