92 წლის მოხუცი ცოლმა სახლიდან გააგდო

92 წლის მოხუცი ცოლმა სახლიდან გააგდო

კანონის უცოდინრობა და ოჯახის წევრებისადმი ნდობა ადამიანებს ხშირად, ძვირად უჯდებათ. ბოლო წლებში არაერთი ადამიანი მინახავს უსახლკაროდ დარჩენილი, ოჯახის წევრისგან მოტყუებული და ქუჩაში გამოგდებული. ისინი ტკივილით საუბრობენ, თუ როგორ მოატყუეს, როგორ დაკარგეს წლების მანძილზე დაგროვებული ქონება და როგორ გაუსაძლის პირობებში უწევთ ახლა ცხოვრება. მოტყუებულ ადამიანებზე არაერთი სტატია დაგვიბეჭია ჟურნალ "გზაში", მაგრამ როგორც ჩანს, სხვების მაგალითის გათვალისწინება ბევრს საჭიროდ არ მიაჩნია, მერე კი ახლობლების მიერ დაგებულ მახეში იოლად ებმებიან.

92 წლის მოხუცი - საფარი ბერია ორ წელზე მეტია, სამართალს ეძებს. ის მეუღლემ მოატყუა და ფეხმოტეხილი, შრომისუუნარო მოხუცი ქუჩაში გამოაგდო.

- ორი წელია, სამართალს ვერ მივაღწიე. იქნებ თქვენ დამეხმაროთ და სიმართლე მაპოვნინოთ. 92 წლის კაცი ვარ. რას წარმოვიდგენდი, თუ მეუღლე, რომელთანაც 23 წელი ვიცხოვრე, თაღლითი იქნებოდა? ზოია გუჩმაზაშვილმა, მისმა ძმამ - რობიზონმა და მათმა მამიდაშვილმა - მამუკა არაბიძემ ჩემი ქონების მისაკუთრება გადაწყვიტეს და თაღლითურად წამართვეს ორი სამოთახიანი ბინა, მერე კი ქუჩაში გამომაგდეს. მინდა, მთელმა ქვეყანამ გაიგოს მათი სახელები, რომ სხვების მოტყუება მაინც ვერ შეძლონ... ვიდრე ეს უბედურება დამატყდებოდა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. ერთი სამოთახიანი ბინა სანზონაში მქონდა, ხოლო მეორე - გლდანის მასივში (ეს ბინა გაქირავებული გახლდათ). როცა ზოიას ცოლად ვირთავდი, რას წარმოვიდგენდი, ანგარება თუ ამოძრავებდა?

- როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- მეუღლე და ორი ვაჟი მყავდა. ცოლი ნაადრევად გარდამეცვალა, ორივე შვილი დაიღუპა: ერთი ოსეთის ომის დროს, მეორე კი ავტოკატასტროფაში და სულ მარტო დავრჩი. 69 წლის ვიყავი, მეუღლის შერთვა მეორედ რომ გადავწყვიტე. 1991 წელი იყო. მაშინ გაზეთში ქვეყნდებოდა განცხადებები და ერთ-ერთი ასეთი განცხადების წყალობით გავიცანი ზოია. ის ჩემზე 20 წლით პატარა იყო. განათხოვარი ქალი ცოლობაზე დამთანხმდა და შევუღლდით. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ნორმალური ცოლ-ქმრობა გვქონდა. 23 წელიწადი ერთად ისე ვიცხოვრეთ, არ გვიჩხუბია. ამ ხნის განმავლობაში შეიძლებოდა, შვილიც გვყოლოდა; ფეხმძიმეც იყო, მაგრამ ყოველთვის იშორებდა ნაყოფს და მიზეზს არ ამბობდა... ერთ დღეს მითხრა: მოდი, საფარ, ეს ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემს სახელზე გააფორმე, ჩვენი სიყვარულის ნიშნადო. დაუფიქრებლად დავთანხმდი. ბინას კი არა, ცოლს გულსაც მივცემდი. მოკლედ, ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმეთ. მეგონა, მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე, ტკბილად ვიცხოვრებდი, მაგრამ ასე არ მოხდა.

- ურთიერთობა როდის დაგეძაბათ?

- 2012 წლის 12 დეკემბერს ქუჩაში წავიქეცი და მარცხენა ფეხის თეძოს ძვალი მოვიტეხე, ლოგინს მივეჯაჭვე. თავიდან კარგად მივლიდა, მაგრამ როცა ექიმებმა მითხრეს, ოპერაციას აზრი არ აქვსო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილი ცხოვრება ლოგინს მიჯაჭვული უნდა ვყოფილიყავი, ძალიან შეიცვალა, აგრესიული გახდა. ერთ დღეს მოურიდებლად მომახლა: არ შემიძლია შენი მოვლა. თუ გლდანის ბინას გადმომიფორმებ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგხედავო. მისი ეს სიტყვები სრული შოკი იყო ჩემთვის. მერე მისი ძმაც მოვიდა და დის სიტყვები გამიმეორა. სხვა გზა არ მქონდა, მარტოს საწოლში გადაბრუნებაც მიჭირდა და დავთანხმდი. სრულიად უმწეოს, სიცხიან ავადმყოფს წყლის მომწოდებელიც არავინ მყავდა და ამიტომ გავრისკე. როგორც კი ჩემი თანხმობა მიიღო, სასწრაფოდ დაურეკა თავის ძმას. რობიზონ გუჩმაზაშვილმა სახლში მომიყვანა ნოტარიუსი და გავაფორმეთ გლდანის ბინის ჩუქება. როგორც კი მეორე ბინა გადაიფორმა, უფრო აგრესიული გახდა, სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ტკივილისაგან გული მიმდიოდა, ვიკრუნჩებოდი, ის კი დადგებოდა ჩემი საწოლის წინ, მაგნიტოფონს ჩართავდა და ცეკვას იწყებდა. ვეღარ ვუძლებდი ამ დამცირებას, ვიტანჯებოდი, ძალაგამოლეული ვიწექი და ვტიროდი. მერე ახლობლების მოსვლაც აკრძალა, - აქ შენიანი არავინ დავინახოო. იმასაც გაგიმხელთ, რომ ვიდრე ზოიას შევირთავდი, სხვა ქალთან ვცხოვრობდი და ქალ-ვაჟი მყავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთ დღეს ქალიშვილი მოვიდა ჩემს მოსანახულებლად, მაგრამ სახლში არ შემოუშვა. პატრულის გამოძახება დასჭირდა, რომ მამა ენახა. მაშინ მითხრა: მოდი, ორი კვირით გაერიდე ამ ქალს, ჩემთან წამოდი და ამასობაში იქნებ, ესეც დაფიქრდეს ყველაფერზეო. გავყევი შვილს. ცოტა რომ მოვმჯობინდი, სახლში წამომიყვანა, მაგრამ ზოიამ შინ აღარ შემიშვა. მითხრა, - სადაც გინდა, იქ წადი, ეს ბინები ჩემიაო. მას მერე სამართალს ვეძებ. მეზობლებიც შეიკრიბნენ, პატრულიც ჩავრიე საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩემი შვილი აფხაზეთიდან დევნილია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და არ აქვს საშუალება, თავისთან მაცხოვროს. თან, რა პრეტენზია უნდა მქონდეს შვილებთან, რომლებსაც ჩემი გვარიც კი არ აქვთ?! ცხადია, ზოიას ვუჩივლე. ამასობაში, გლდანის ბინა მამიდაშვილის - მამუკა აბრამიძის სახელზე გადააფორმა. ისე გააკეთეს, თითქოს გაიყიდა. მოსამართლე შორენა ჯანხოთელმა განიხილა საქმე და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ვინაიდან ქონება აჩუქე, ეს უკვე მისიაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოია აქეთ მიჩიოდა, თითქოს მას მივაყენე მორალური ზიანი და ჩემს პასუხისმგებაში მიცემას ითხოვდა. მეორე ინსტანციის სასამართლოსაც მივმართე, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ვიცი, დავაშავე, როცა ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ კანონიც არ ვიცოდი და რას წარმოვიდგენდი, ცოლი ასე თუ გამწირავდა? ალბათ, თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული ჩემი ბინების მისაკუთრება, მე სულელმა კი წლების განმავლობაში, ფუფუნებაში ვაცხოვრე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია