დასჯა და სამართლის აღსრულება განუყრელად არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან, თუმცა ჯერ კიდევ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე იყენებდნენ ადამიანები დასჯისა და წამების მძიმე ფორმებს. როგორი იყო დასჯისა და წამების ძველი მეთოდები საქართველოში, ამ თემაზე ისტორიკოს გია ანჩაბაძეს მივმართეთ.
დასჯის მეთოდებიდან ერთ-ერთია ღვთიური სამართალი. როდესაც არ იცოდნენ თუ ვინ იყო მკვლელი, ბრალდებული ორი ადამიანი იყო, სასამართლო კი დამნაშავეს ვერ ადგენდა, ბრალდებულებს შორის ორთაბრძოლა იმართებოდა და ითვლებოდა, რომ ღმერთი თვითონ გადაწყვეტდა და უდანაშაულოს გაამარჯვებინებდა. საქართველოს ისტორიაში ამის მაგალითიც გვაქვს.
მეფე როსტომის შვილობილს ნადირობის დროს ტყვია მოხვდა და მოკვდა, კაცმა არ იცის, ეს იყო შემთხვევითი თუ გამიზნული მკვლელობა. მეფის შვილობილის მკვლელობაში ერთმა კარისკაცმა მეორე დააბეზღა და სწორედ აქ მიმართეს ღვთიურ მსჯავრს და ერთმანეთს შეაბრძოლეს. ორივე კარისკაცი თავადიშვილი იყო და მეფეს მათი სიკვდილი არ უნდოდა, ამიტომ ე.წ. პოლიციელები დაუყენა, მკვლელობა რომ არ მომხდარიყო. როდესაც კარისკაცები შუბებითა და სხვა იარაღებით შეიბნენ, დამარცხებული აღმოჩნდა ის, ვინც ცილი დასწამა და როცა გამარჯვებულმა ძირს დაცემული კარისკაცის მოკვლა დააპირა, პოლიციელები გამოვარდნენ და გადაეფარნენ. ვინაიდან დამარცხებული ის იყო, ვინც კარისკაცს მკვლელობაში ცილი დასწამა, მას ბრალი ცილისწამებაში დასდეს და დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით მეფემ გაათავისუფლა.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE