რა აშინებთ უკრაინელ ტურისტებს ბათუმში - რეპორტაჟი ქვეყნის მთავარი საზღვაო ქალაქიდან

რა აშინებთ უკრაინელ ტურისტებს ბათუმში - რეპორტაჟი ქვეყნის მთავარი საზღვაო ქალაქიდან

საქართველოს ზღვისპირა კურორტი ბათუმი ტურისტული სეზონის პიკშია. დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, კონცერტებს ესწრებიან, ბოტანიკურ ბაღს სტუმრობენ, ეცნობიან ქართულ კულტურას და აგემოვნებენ ტრადიციულ კერძებს.

ბათუმში მყოფ ტურისტებს გარუჯვასა და საინტერესოდ დასვენებასთან ერთად გარკვეული დისკომფორტიც ექმნებათ. Ambebi.ge -ს უკრაინელმა ტურისტებმა მათი შიშის შესახებ უამბეს.

ქალაქ ჩერკასში მცხოვრები ალისია 10 წლის შვილთან, ვიქტორიასთან ერთად ბათუმს პირველ აგვისტოს ესტუმრა. როგორც ალისია აცხადებს, გუშინ გვიან ღამით 01:30 წუთზე საშინელმა ხმაურმა გააღვიძა. ის აბობს, რომ სანამ გონს მოეგებოდა და ფანჯრიდან ფერად სხივებს შენიშნავდა, მანამდე გვერდით საწოლში მძინარე შვილს მივარდა და გადაეფარა:

"საშინელი განცდა დამეუფლა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ერთი მეორეზე მიყოლებით სროლების ხმა იყო, მეგონა, რომ უკრაინაში ვიყავი და ომმა ჩემს ქალაქამდეც მოაღწია. წამოვვარდი და გვერდით საწოლზე მძინარე ვიქტორიას გადავეფარე. სროლები ისევ გრძელდებოდა, შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვედი და ფანჯრისკენ გავიხედე, სადაც ფერადი სხივები ერთმანეთში ირეოდა. წამოვდექი, ამოვისუნთქე და აივანზე გავედი. ძალიან ლამაზი ფოიერვერკი იყო, ჩემს ქალაქში უკვე დიდი ხანია აკრძალულია ფოიერვერკის გაშვება და თითქოს მონატრებულიც მქონდა ეს სანახაობა. საბოლოოდ, ამოვისუნთქე და ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ ომში არ ვიყავი და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მთელი ღამე არ დამეძინა", - აცხადებს ალისია.

ფოიერვერკების გაშვების შემთხვევა გუშინ გვიან ღამით კობალაძის ქუჩაზე და გუშინწინ 04:15 წუთზე ინასარიძის ქუჩაზე დაფიქსირდა. ბათუმში ფოიერვერკების გაშვება ღამის 12 საათის მერე აკრძალულია. როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ვახტანგ ღოღობერიძემ განაცხადა, ფოიერვერკების ხმაურის გამო მოსახლეობის განცხადება არ მიუღია:

"თუ არის მსგავსი ფაქტი, უნდა გადაიღოთ, დააფიქსიროთ, რომ მოვახდინოთ რეაგირება. ფოიერვერკი ისეთი რაღაცაა, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდება. თუ ვიცით, რომ უნდა ისროლონ, ვაკეთებთ რეაგირებას, ჩვენ ვადგენთ სამართალდარღვევათა ოქმს. ხმაური ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ჯარიმის ოქმი გადაეცემა სასამართლოს. სასამართლო წყვეტს, რამდენით დააჯარიმოს კანონდამრღვევი", - აცხადებს ვახტანგ ღოღობერიძე.

მისივე განმარტებით, წელს ფოიერვერკის ხმაურის გამო არცერთი ოქმი არ შედგენილა.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია