ზეწოლა "რუსთავი 2"-ზე თუ ბრძოლა სამართლიანობისთვის? - ხელისუფლების, გენდირექტორის, მოსარჩელე მხარისა და მედიაექსპერტის შეფასებები

ზეწოლა "რუსთავი 2"-ზე თუ ბრძოლა სამართლიანობისთვის? - ხელისუფლების, გენდირექტორის, მოსარჩელე მხარისა და მედიაექსპერტის შეფასებები

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნების შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანას საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია მთავრობის მიერ მედიაზე ზეწოლად აფასებს. თუმცა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ყველამ ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიის განვითარებას და მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ამბობს, მას იმედი აქვს რომ ამ საქმის განხილვის დროს სასამართლო იქნება სამართლიანი.

"ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო "კოზირი" როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ჟურნალისტი ია ანთაძე კი მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, არის თუ არა სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური ზეწოლა.

"ქიბარ ხალვაში უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ის გახდის სადავოდ ამ ტელევიზიის მფლობელობას. ამიტომაც ახალი იმაში, რომ საქმე დაიძრა არ არის. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, არის თუ არა ეს პოლიტიკური ზეწოლა. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დავაკვირდეთ რა მოხდება. ვნახოთ სამართლებრივი პროცესი სადმე მოიკოჭლებს, თუ განხილვა იქნება სამართლიანი. ქიბარ ხალვაშს ჰქონდა პრეტენზია ამ ტელევიზიაზე და ახალი ამაში არაფერი არ არის", -აღნიშნა ია ანთაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავის 2"-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 4 აგვისტოს შეიტანა. მისი ადვოკატების განმარტებით, ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება "რუსთავის 2"-ის წილების გადაფორმება, რათა მათი კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესი გართულდეს.

"მეშვიდე წელია, რაც ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტზე ამაოდ ითხოვს გამოძიების დაწყებას საქართველოს პროკურატურისგან. ბიზნესმენის კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფა მოსალოდნელი და გასაგები იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუმცა 2012 წლის არჩევნებიდან 3 წლის თავზე გაუგებარია ახალი ხელისუფლების უმოქმედობა," - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის წილს და პარტნიორთა წილების დაყადაღებას ითხოვს. დაიბრუნებს თუ არა ხალვაში წილს, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია