რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავს ეძღვნება

რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავს ეძღვნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 7 აგვისტოს 7 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, რის შედეგად უხეშად ირღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით. ამის ნათელი მაგალითია მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმება, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება და ე. წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

საქართველო ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ქართული მხარე მზად არის განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების, უპირველეს ყოვლისა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ასევე დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიზნით.

შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რის შედეგადაც დაიწყო ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დე ესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?