"ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი წილი ბრალი მიუძღვის რუსეთ-საქართველოს კრიზისში. ამერიკის უხეშმა შეცდომებმა ხელი შეუწყო ვითარების გამწვავებას და ახლა აშშ-ს მოუწევს მაღალი საფასურის გადახდა გლობალური მასშტაბით", - წერდა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი პოლ სანდერსი 2008 წლის 12 აგვისტოს. 2003-2005 წლებში სანდერსი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში გლობალური ურთიერთობების საკითხებზე. მან ღრმად შეისწავლა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების პრობლემები და მისი წერილი დღესაც უაღრესად საინტერესოა. ქვევით გამუქებული შრიფტით მომყავს მისი წერილის ტექსტი, ჩვეულებრივი შრიფტით კი ჩემს კომენტარებს და დამატებით ინფორმაციას ვურთავ.
"კავკასიის რეგიონში ომი გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააგზავნა ჯარი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონის "გასათავისუფლებად" იქ მოქმედი რეჟიმისაგან, რომელსაც მოსკოვი უმაგრებდა ზურგს. საქართველო და რუსეთი წლების განმავლობაში არიან ჩაბმულები ამ კონფლიქტში და ძირითადი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, მაგრამ ბრალი აშშ-საც მიუძღვის. ახლა ამერიკის ინტერესები დაზიანდება არა მხოლოდ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ მთელ მსოფლიოში". მკითხველს არ გაუჭირდება გაიხსენოს რამდენად დაზიანდა განვლილ წლებში აშშ-ს ინტერესები მთელ მსოფლიოში და აღნიშნულ რეგიონებში; რას ნიშნავს, მაგალითად, ყირიმის ანექსია პუტინის რუსეთის მიერ იმის გათვალისწინებით, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ სწორედ აშშ-ს დაჟინებული მოთხოვნით უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა თავის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ვეებერთელა არსენალი, რის სანაცვლოდ აშშ-მ, ბრიტანეთმა და რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმით იკისრეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია. "ხედავთ რა დრო დადგა? ობამა ნაკლებად საყვედურობს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო, ვიდრე საყვედურობდა სოჭის ოლიმიადის წინ ლგბტ უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით", ვუთხარი შარშან ამერიკელ პოლიტოლოგებს და სიცილით დამეთანხმნენ.
"ამერიკამ ორი მნიშვნელოვანი გზით შეიტანა წილი საქართველოში ომის გაჩაღებაში. ჯერ ერთი, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ვაშინგტონმა ორი პრეცედენტი შექმნა: ძალის გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოს მოწონების გარეშე და სუვერენული სახელმწიფოს დაყოფა გაეროს თანხმობის გარეშე. კლინტონის ადმინისტრაციამ ნატოსთან ერთად განახორციელა საჰაერო დარტყმები კოსოვოსა და საკუთრივ სერბეთში სერბეთის წინააღმდეგ. შეტევები განხორციელდა არა მარტო სამხედრო შენაერთებზე, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ენერგოსადგურები. ეს ყველაფერი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ხდებოდა. დღეს რუსეთი იმეორებს იმ არგუმენტებს, რომელსაც 1999 წელს იშველიებდა ნატო საკუთარი მოქმედების გასამართლებლად. რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო ახორციელებდა ეთნიკურ წმენდას და გენოციდს სამხრეთ ოსეთში, და რომ მოსკოვი იყო ვალდებული ეპასუხა, ვინაიდან მას ევალებოდა მშვიდობის უზრუნველყოფა".
პოლ სონდერსის ამ აზრს დასავლეთში პრაქტიკულად ყველა იზიარებს. "კოსოვოს კონფლიქტის არსში ჩახედული ყველა ადამიანისათვის პარალელები იმ მოვლენებს შორის, რაც ბალკანეთში 1999 წელს განვითარდა და რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს დღეებში ვითარდებოდა, აშკარა იყო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რუსებმა მთელი ათწლეული მოანდომეს კოსოვოსა და ალბანეთში დასავლეთის მიერ გატარებული პოლიტიკისა და სამხედრო კამპანიის გულდასმით შესწავლას და თავისი მიზნებისათვის მორგებას", - წერს რონალდ ასმუსი თავის ცნობილ წიგნში "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა".
მინდა აღვნიშნო, რომ
სიტყვა "თითქოს" აქ უადგილოა: "თითქოს" კი არა, არამედ სწორედ რომ სწავლობდნენ ყველაფერს, გულდასმით და დეტალურად და 9 წლის განმავლობაში ოცნებობდნენ იმ დღეზე, როცა "მუხლებიდან წამოდგებოდნენ" და მთელი მსოფლიოსა და საკუთარი ხალხის დასანახად NATO-ს მიერ ბალკანეთში 1999 წელს მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ანალოგიურ ოპერაციას ჩაატარებდნენ, წელში გასწორებულები წარმოჩნდებოდნენ არა მარტო აშშ-ის, არამედ მთელი დასავლეთის ტოლ ზესახელმწიფოდ. ასმუსი იქვე აღნიშნავს, რომ მოსკოვის რიტორიკა, არგუმენტები და ყველა მოქმედება თითქოს დასავლეთის 1999 წელს ბალკანეთში მოქმედების სარკული ანარეკლი იყო. დავეთანხმები ამას იმ დაზუსტებით, რომ არეკვლა მეტად მრუდე და ჭუჭყიან სარკეში ხდებოდა. რუსეთის მოქმედების პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები ისევე გროტესკულად და კარიკატურულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც დასავლეთს ამოძრავებდა 1999 წელს, როგორც რუსი ჯარისკაცები და უხმარი თუ ნახმარი უნიტაზებით დატვირთული მოძველებული რუსული ტანკები და სხვა ტექნიკა, რომლითაც რუს ჯარისკაცებს გაჰქონდათ ქართული ბაზებიდან ყველაფერი, რისი მოხსნაც და გატანაც შეძლეს - განსხვავდებოდა ნატოს შეიარაღებისა და ჯარისკაცებისაგან (ტანკებზე მსხდარ რუს ჯარისკაცებს ჯიბეებიდან მოპარული კოვზები უჩანდათ, ოპერაციის მსვლელობისას კი ისინი ვაჭრობდნენ ყველაფრით, რითიც კი შეეძლოთ) (იხ. ჩემი წიგნი, "ავანტიურა 080808").
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს მართლაც ჰქონდა საერთაშორისო მანდატი აფხაზეთსა (გაეროს ეგიდით და დსთ-ს აბრით) და ცხინვალის რეგიონში (ეუთოს ეგიდით), მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში თავისი მანდატის შესრულების ნაცვლად რუსეთის სამშვიდობო ძალები ყველაფერს აკეთებდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციისათვის დანარჩენი საქართველოდან; რუსეთის მთავრობა თავიდანვე ზრუნავდა, რომ ადმინისტრაციული საზღვრები "დამოუკიდებელი სახელმწიფოების" საზღვრებად ქცეულიყო და სამშვიდობო ძალებიც თავიდანვე ფაქტობრივად მესაზღვრეების როლს ასრულებდნენ. რუსეთის მთავრობის მზაკვრული მოქმედება და აშშ-ს ადმინისტრაციის მძიმე შეცდომები, ცხადია, არა თუ არ ამართლებს სააკაშვილის და მისი თანამზრახველების დანაშაულს და ღალატს, არამედ მხოლოდ ამძიმებს მას.
"ცოტა ხნის წინათ, 2007 და 2008 წელს აშშ-მ და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობებმა მხარი დაუჭირეს კოსოვოს მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ის სერბიის ნაწილად რჩებოდა. 2008 წლის დასაწყისში მათ სცნეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ამჟამად გაეროს ქვეყნების მეოთხედი (ახლა უკვე ნახევარზე მეტი - 56%) და ევროგაერთიანების წევრების სამი მეოთხედი სცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას. მაშინ კრემლის არგუმენტი იყო, რომ ასეთი ნაბიჯი შექმნიდა პრეცედენტს სხვა სეპარატისტული რეგიონებისათვის საქართველოში არსებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ბუშის ადმინისტრაცია ამის პასუხად აცხადებდა, რომ კოსოვოს შემთხვევა იყო უნიკალური. ადმინისტრაციას აშკარად სჯეროდა, რომ შეეძლო თვითონ განესაღვრა, თუ რას ნიშნავდა კოსოვოს დამოუკიდებლობა სხვებისათვის".
2007 წელს, როდესაც გადაწყდა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და 2008 წლის დასაწყისში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რამდენჯერმე შევხვდი ამერიკელ დიპლომატებს და ყველა მათგანი აცხადებდა, რომ კოსოვოს შემთხვევა იყო სრულიად უნიკალური და არავითარ გავლენას არ მოახდენდა საქართველოზე. კორექტულად და თავაზიანად, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვეკითხებოდი, თუ რა მექანიზმს შეეძლო არ დაეშვა პუტინისა და მისი ჩეკისტური რეჟიმის საპასუხო მოქმედებები საქართველოში. დიპლომატები აშკარად ღიზიანდებოდნენ და ნიშნის მოგებით ერთსა და იგივე პასუხს მაძლევდნენ - ნუ გეშინიათ, ასეთი მექანიზმი არსებობს. არც ერთ მათგანს არ აუხსნია ჩემთვის კონკრეტულად რა მექანიზმი იყო ეს. პირდაპირაც არავის უთქვამს, რომ მათი აზრით აშშ-ს სიძლიერე და მტკიცე პოზიცია არ გააბედინებდა პუტინს საპასუხო მოქმედებას - პროფესიონალი დიპლომატები ცოცხალი თავით არც იტყოდნენ ასეთ რამეს, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ამას გულისხმობდნენ, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ.