თურქეთში ქურთი ტერორისტების მიერ განხორციელებული მორიგი თავდასხმის დროს, ქართველი მძღოლებიც დაზარალდნენ... პირველი თავდასხმა 31 ივლისს მოხდა, როცა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც ერზრუმის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს. დაწვეს ტრაილერები და მძღოლები რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ გაანთავისუფლეს. მეორე შემთხვევა, 1 აგვისტოს მოხდა... ამ დრომდე თურქეთში რჩება, ერთი ქართველი მძღოლი, რომელიც თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის თქმით, ჟანდარმერიაში იმყოფება...
შპს "ალგანის" ტრაილერის ქართველი მძღოლი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს, ავტომობილი კი დაწვეს.
მერაბ გენგიური, კომპანიის წარმოამდგენელი:
- თურქეთი-უკრაინის გადაზიდვა უნდა შეესრულებინა... თურქეთში ვალეს მხრიდან გადავიდა და ქალაქ არდახანს როგორც კი გასცდა, შეიარაღებულმაპირებმა გააჩერეს. მძღოლი გადმოიყვანეს, სცემეს და მანქანა დაწვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვცდილობ გავარკვიო, თუ როგორ შეიძლება იმ მძღოლის გამოყვანა თურქეთიდან და რითია შესაძლებელი ზარალის ანაზღაურება.
ჩვენ ვიპოვეთ ქართველი მძღოლი, რომელიც თურქულ გადამზიდ კომპანიაში მუშაობს. ისიც დაზარალებულებს შორის არის.
მურმან გელაშვილი:
- კონსერვების მორიგ პარტია მიგვქონდა უკრაინაში... სულ ოცამდე მანქანა ვმოძრაობდით იმ გზაზე. წინა ტრაილერი რომ გაჩერდა და იძულებული გავხდი, მეც გავჩერებულიყავი. ვერ მიხვდი რა მოხდა. ახლო-მახლოს ადამიანები კი შევნიშნე, მაგრამ არ დავკვირვებივარ, ვინ იყვნენ, აღმოჩნდა, რომ ალყაში ვყავდით მოქცეული. დავინახე, როგორ მიათრევდნენ ჩემს წინ მყოფი მანქანის მძღოლს. რაღაც ხმები მესმოდა, მაგრამ სიტყვები ვერ გავარჩიე. არადა, წლებია თურქეთში ვმუშაობ და ეს ენა საკმაოდ კარგად მესმის. თვალის დახამხამებაში ამოიჭრა მანქანის ძარაზე ვიღაც თავპირშეხვეული კაცი, მხარზე ავტომატით, მანქანის კარი გამოგლიჯა და გაუგებარი სიტყვებით ღრიალით გადმომაგდო იქიდან. შევნიშნე, რომ გარშემო ძალიან ბევრი ასეთი კაცი ირეოდა. უკვე ჩემს უკან მანქანასთან იდგნენ. ორმა ხელი დამავლო და იქვე, ხეებთან მიმათრია. ცოტა ხანში შევნიშნე, რომ ჩვენს მანქანებს ცეცხლი ეკიდა... ხეებთან ავტობუსი იდგა, სადაც კიდევ ვიღაცეები ჰყავდათ შეყრილი. ერთმა იარაღის კონდახი ჩამარტყა, წავიქეცი, მაგრამ წამომაყენეს და ავტობუსში შემათრიეს. იქ უკვე იყვნენ სხვა თავპირდასისიხლიანებული მძღოლები.