რას პატიობს და რას არ პატიობს კონსტიტუცია პარლამენტის წევრებს: იმუნიტეტი, გარანტიები და აკრძალვები

რას პატიობს და რას არ პატიობს კონსტიტუცია პარლამენტის წევრებს: იმუნიტეტი, გარანტიები და აკრძალვები

საქართველოს პარლამენტის წევრების პოლიტიკური მოღვაწეობის, თუ პირადი ცხოვრების არაერთ შემთხვევაში გასჩენია და დღემდე უჩნდება საზოგადოებას კითხვა, არსებობს თუ არა დეპუტატებისთვის კონსტიტუციით  განსაზღვრული ბარიერები, რომლებიც მათ ქმედებას აკონტროლებს, და რა სიტუაციაში ვერ დაიცავს საქართველოს პარლამენტის წევრს იმუნიტეტი.

გიორგი კარბელაშვილის პატრულთან ინციდენტის შემდეგ, როდესაც შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დეპუტატი ქვიშხეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს, თუმცა იმუნიტეტის გამო ვერ დააკავეს, AMBEBI.GE დაინტერესდა, რა წერია საქართველოს კონსტიტუციურ სამართალში დეპუტატის იმუნიტეტის შესახებ. ამავე სტატიაში იხილავთ, რა პრივილეგიები და აკრძალვები აქვთ ქვეყნის საკონონმდებლო ორგანოს დეპუტატებს.

დეპუტატის იმუნიტეტი

დეპუტატის იმუნიტეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეპუტატის წინააღმდეგ არ შეიძლება აღიძრას სასამართლო საქმე მაშინაც კი, როცა მან ჩაიდინა დასჯადი ქმედება, არათანამდებობრივი მოვალეობების შესრულების დროს. სხვადასხვა ქვეყანაში დეპუტატის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური მოცულობა განსხვავებულია.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის და პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. კონსტიტუციური ნორმა დეპუტატს იმუნიტეტის მიღმა ტოვებს იმ შემთხვევაში, როცა მას წაასწრებენ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამ შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს (მუხლი 52).

ინდემნიტეტი

პარლამენტის წევრის სტატუსის რეალიზაციის მნიშვნელოვანი გარანტიაა ეგრეთ წოდებული ინდემნიტეტი, რომლის შინაარსში გულისხმობენ:

1. პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას იმ აზრებისა და შეხედულებისათვის, რომელსაც იგი გამოთქვამს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დროს. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში, თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის. რა თქმა უნდა, ინდემნიტეტი არ მოქმედებს საჯარო შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადად გამოცხადებული სხვა ქმედებების ჩადენის შემთხვევაში.

2. ინდემნიტეტის შინაარსი გულისხმობს დეპუტატის გასამრჯელოს. პარლამენტის წევრი ღებულობს კანონით დადგენილ ყოველთვიურ გასამრჯელოსაც, რომელიც გულისხმობს ხელფასსა და კანონით დადგენილ დანამატებს. დეპუტატს აუნაზღაურდება ასევე ხარჯები, რომელსაც იგი გაიღებს სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებისას.

პარლამენტის წევრის გარანტიები

თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად პარლამენტის წევრს პარლამენტის შენობაში ეძლევა ცალკე სამსახურებრივი სათავსო. უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით, სამთავრობო და კავშირგაბმულობის სხვა სახეობებით. აღნიშნული და კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის ზოგადი კონსტიტუციური დებულებები, რომელთა მიხედვით, „უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებლად განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. დეპუტატის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“ (მუხლი 52.5-6).

პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. ამ კონსტიტუციური მოთხოვნების შეუსრულებლობა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. აღნიშნულ საკითხს უფრო დეტალურად ეხება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი, რომელიც იმეორებს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებას. ამასთან, პარლამენტის წევრისათვის შეთავსებად საქმიანობად მიიჩნევს პარტიულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ამ მოთხოვნათა დარღვევისას მას შეუწყდება უფლებამოსილება. კანონი, შეუთავსებლობასთან ერთად, ითვალისწინებს ასევე აურჩევლობასაც, რაც რეგულირდება კანონის 36-ე მუხლით.

1999 წლის 25 ივნისის ცვლილებებით, რომელიც ამ მუხლსაც შეეხო გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება არჩეულ იქნენ საქართველოს პარლამენტში, ასეთია:

საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის, რაიონის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (მდივნები), საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრები, მოსამართლეები და მათი თანაშემწეები, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები, (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები), საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები. ჩამოთვლილი თანამდებობის პირები არ შეიძლება წარდგენილ იქნენ პარლამენტის წევრობის კანდიდატად, თუ რეგისტრაციამდე არ დატოვებენ დაკავებულ თანამდებობას.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს კომიტეტის სხდომის გაცდენა შეუძლია მხოლოდ საპატიო მიზეზით. თუ მას არ შეუძლია დაესწროს სხდომას, ამის შესახებ უნდა აცნობოს კომიტეტის თავმჯდომარეს ან მოადგილეს. უფრო მეტიც, არასაპატიო მიზეზით სხდომის გაცდენისათვის მის მიმართ დგება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, თუ იგი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს კომიტეტის ორ სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, უცხადებს გაფრთხილებას. თუ გაფრთხილებიდან ერთი თვის განმავლობაში კვლავ გააცდენს ორ სხდომას, ამ შემთხვევაში წევრს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მოეხსნება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის დადგენილი კუთვნილი ერთი თვის თანხა.

პარლამენტის წევრი ვალდებულია დაიცვას სადეპუტატო ეთიკა, ანუ მორალურ-ზნეობრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებითაც განისაზღვრება პარლამენტის წევრების შიდასაპარლამენტო ურთიერთობები. ამ მოვალეობის იურიდიულ ხასიათზე, საზოგადოებრივთან ერთად, მეტყველებს მათი უზრუნველყოფის სამართლებრივი ღონისძიებების არსებობა. კერძოდ, მათი დარღვევისათვის შეიძლება დაწესდეს დისციპლინური პასუხისმგებლობა. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატის ეთიკის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრს, გაფრთხილება შეიძლება სხდომის ოქმში შეტანით, განმეორების შემთხვევაში, მას შესაძლებელია დაატოვებინონ სხდომათა დარბაზი.

პარლამენტის როლისა და მნიშვნელობის, მისი გადასაწყვეტი საკითხების, ხოლო შესაბამისად დეპუტატის საპასუხისმგებლო საქმიანობის უზრუნველყოფისათვის დაწესებულია გარკვეული გარანტიები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."