რამდენი პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს "დინამო არენაზე" : შსს ასობით პოლიციელის მობილიზებას ახდენს

რამდენი პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს "დინამო არენაზე" : შსს ასობით პოლიციელის მობილიზებას ახდენს

დღევანდელ სუპერთასზე უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, პოლიციელები სტადიონსა და სტადიონის ირგვლივ განლაგდებიან. სულ მთელ ტერიტორიაზე 1000-მდე პოლიციელი იქნება მობილიზებული. გარდა ამისა, თბილისის ქუჩებში საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს საავტომობილო გადაადგილებასაც, რომელიც მატჩთან დაკავშირებით შეიზღუდება.

11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:

• მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);

• წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

• დაიკეტება აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

• ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

• მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

• მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

შედეგად, სრულად დაიკეტება პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - "დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

უეფას გააჩნია რეგულაციები, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა. დღევანდელ შეხვედრაში კი მკაცრი წესები იმოქმედებს: მაგალითად, სტადიონზე შესვლა მხოლოდ ბილეთზე მითითებულ საათებში იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა იმ შეზღუდვების ნუსხა, რომელიც გულშემატკივარმა უნდა გაითვალისწინოს:

სტადიონზე შესვლისას, გულშემატკივრებს, შესაძლოა, მოსთხოვონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პასპორტი ან პირადობის ბარათი). სტადიონიდან გასული ბილეთების მფლობელები არენაზე აღარ დაიშვებიან;

დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, თამაშზე დასწრების დროს, თუ მაყურებელს მატჩის ორგანიზატორთა წარმომადგენელი ნებისმიერი პირი (სტიუარდი, დაცვის პერსონალი და ა.შ.) მოსთხოვს ბილეთს, ვალდებულებაა წარმოადგინოს ბილეთი სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (პასპორტი ან პირადობის ბარათი);

დაცვის პერსონალი, სტიუარდები ან პოლიცია, უფლებამოსილია გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და ნივთები, ტრიბუნაზე რომ არ მოხვდეს საშიში, აკრძალული ან არანებადართული საგანი, რაც ბილეთზეც იქნება გამოსახული. ესენია ნებისმიერი სახის ცივი იარაღი, შუშის და თუნუქის ჭურჭელი (ბოთლი, ქილა და ა.შ.), ზომაზე დიდი (2მX1.5მ) ბანერები და დროშები; მეგაფონი ან გაზის საყვირები; პიროტექნიკა და სხვა სახის აალებადი საშუალებები; ლაზერული სანათები და ნებისმიერი საგანი, რომელიც მაყურებლის და ღონისძიების მონაწილეთათვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს;

სტადიონის შიგნით მკაცრად იკრძალება საზოგადოებისთვის დახურული ან ბილეთის სხვა კატეგორიის ადგილების დაკავება და ამ ადგილებზე შესვლა/შეღწევა. ასევე, არ შეიძლება შეზღუდვა ან უსაქმოდ დგომა მაყურებლის ზონებში, საავარიო გამოსასვლელების ბილიკებზე და გზებზე, შესასვლელ-გამოსასვლელებში და საქციელი, რომელმაც, შესაძლოა, ვინმეს საფრთხე შეუქმნას. რაც შეეხება ხალხის გასასვლელ ზონებში შეჯგუფებას, ამაზე მინიმუმ სასტიკ შენიშვნას დაიმსახურებთ;

კატეგორიულად არ შეიძლება სკამზე დგომა და, რაც მთავარია, პოლიტიკური, დისკრიმინაციული ან სხვა სახის განცხადებებისა თუ შეურაცხმყოფელი ატრიბუტიკის გამოყენება, მოედანზე ან სარბენ ბილიკებზე შესვლა (და ძველი გამოცდილებიდან, ვინმეს ფეხებზე მთხვევა, მოფერება და ასე შემდეგ);

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "დინამო არენაზე", ევროპის სუპერთასის მატჩში "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია