ზებრებზე გადასვლის პრობლემა ბათუმში და ბარძაყმოტეხილი პოლონელი ტურისტი

ზებრებზე გადასვლის პრობლემა ბათუმში და ბარძაყმოტეხილი პოლონელი ტურისტი

ბათუმი ტურისტებით აივსო, თუმცა ხალხმრავლობამ ქვეითთა გადასასვლელებზე გადასვლის პრობლემა შექმნა. ქვეითები მძღოლებს გზის დათმობისკენ მოუწოდებენ, მძღოლები კი ჩქარობენ და ფეხით მოსიარულეებს ხშირ შემთხვევაში "ვერ ამჩნევენ".

ორი კვირის წინ ბათუმში გზაზე ასაკოვან პოლონელ ტურისტს ავტომობილი დაეჯახა. ქალბატონი ბარძაყის ძვლის მოტეხილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტს იმობილიზაცია (მოტეხილობის თაბაშირით დაფიქსირება) ჩაუტარდა და 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ თავის სამშობლოში გაემგზავრა.

ვინ ქმნის პრობლემებს გზებზე, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა. გთავაზობთ ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მცირე გამოკითხვის შედეგებს და ტურისტებისა და მძღოლების პოზიციებს (იხილეთ ვიდეო)

ბესო თბილისიდან:

აქ გზის გადაკვეთა ძალიან რთულია. ვიფიქრე, რომ მე და ჩემი ვარდი უცბად დავიღუპებოდით. გული მეთანაღრა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუშველით ამას, იმიტომ, რომ ქართველები ვართ და არაფერი გვეშველება. ყველას გვეჩქარება ყოველთვის, ამას უნდა დიდი დრო რომ გამოსწორდეს.

ნიაზი ბათუმიდან:

სულ ასეა, არ უთმობენ. შუქნიშნებზე არიან მიჩვეულნი მძღოლები. წითელი როცაა, მხოლოდ მაშინ ჩერდებიან. არ იციან, რომ გზაჯვარედინზე ფეხით მოსიარულეებს აქვთ უპირატესობა. მქონდა შემთხვევა, რომ მძღოლმა შენიშვნა მომცა - სიარული არ იციო.

თამარი ბათუმიდან:

ხშირად არ მითმობენ და ეს არის უპატივცემულობა ფეხით მოსიარულის და კანონის.

ზაზა თბილისიდან

აშკარაა, რომ საქართველოში შედარებით ნაკლებით კულტურაა ფეხით მოსიარულეების მიმართ პატივისცემასთან დაკავშირებით და ეს კარგად ჩანს, როცა ზებრაზე გადმოდის ადამიანი. ალბათ, მძღოლების 50% ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს. მე როგორც მახსოვს იურიდიულად ეს უნდა რეგულირდებოდეს. თუ ფეხით მოსიარულემ ჩადგა მარჯვენა ფეხი ზებრაზე, მძღოლი ვალდებულია, გააჩეროს მანქანა.

ქსენია რუსეთიდან:

არ გვითმობენ, მძღოლებმა ნამდვილად არ იციან საგზაო წესები და ის, რომ ფეხით მოსიარულეებს უნდა დაუთმონ გზა.

ანა სომხეთიდან:

ასეთ ადგილებში მანქანები ხშირად აჩერებენ, მაგრამ მახინჯაურში იყო პრობლემა, ადამიანი დაიღუპა, მანქანა დაეჯახა გადასასვლელზე. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ასე გადმომცეს.

ანა უკრაინიდან:

ხანდახან ძალიან რთულია გზის გადაკვეთა, იმიტომ, რომ ვერ ვიგებთ ეს არის გადასასვლელი თუ არა, რადგან გადაკვეთის ზოლის იდენტიფიცირება რთულია.

ირმა - მძღოლი:

ყოველთვის ვუთმობ, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს. არის შემთხვევა, როცა ძალიან ახლოს მყავს უკან მანქანა და ჩემმა მუხრუჭმა შესაძლოა, ავარიული შემთხვევა გამოიწვიოს. იშვიათად არის ასე, უმეტესად ვუთმობ.

არჩილი - მძღოლი:

იშვიათად რომ არ დავუთმო, თუ ისეთი მოძრაობაა, რომ ფიზიკურად არ ხერხდება დათმობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში.

მახო მძღოლი:

დიაგონალზე თუ გადადიან, არ ვუთმობ. შუქნიშანზე თუ მწვანე ანთია, მე ვმოძრაობ.

გოჩა მძღოლი:

ყველა ვარიანტში ვაჩერებთ, ადამიანი უსაფრთხოდ უნდა გადავიდეს ქუჩაზე. ბევრჯერ მინახავს, რომ არ უთმობენ გზას, რასაც მძღოლები დაუფიქრებლად ჩადიან.

AMBEBI.GE-ს რედაქცია ბათუმში მყოფ ტურისტებს კარგ დასვენებას უსურვებს, მძღოლებს კი სიფრთხილისკენ და გზის დათმობისკენ მოუწოდებს.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია