რამდენიმე დღის წინ გრიგოლეთში მომხდარ ავარიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი შეეწირა, სოფელ მისაქციელთან სწრაფად მიმავალმა მანქანამ 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა, თემქაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი შეეწირა - ეს ბოლო ორ კვირაში საქართველოში მომხდარი ავარიების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა. ზაფხულის დადგომასთან ერთად ავარიების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. სპეციალიტები შექმნილ სიტუაცის საგანგაშოს უწოდებენ და სახელმწიფოს ქმედითი ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებენ.
საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, გახშირებული ავარიების ძირითადი მიზეზი გაუმართავი ტრანსპორტი, მძღოლების ცნობიერების დაბალი დონე, გადაჭარბებული სიჩქარე, გზებზე ნაკლებად ან თითქმის არარსებული ხელოვნური დამაბრკოლებელი ნიშნები და შესაბამის უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირებაა. ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა თბილისშიც. ახალი ამბავი არაა, რომ დედაქალაქში ქვეითად მოსიარულეს დიდი სიფრთხილე მართებს. მაშინაც კი, როცა შუქნიშანი ავტომანქანას ქვეითად მოსიარულესთვის გზის დათმობას ანიშნებს, გამორიცხული არ არის, რომელიმე მხრიდან მანქანა გამოვარდეს და გზა გადაგიჭრათ. ე.წ. ზებრა გადასასვლელები თბილისში ნაკლებად არის, მძღოლები კი მას რატომღაც ვერ ამჩნევენ. ამიტომ, მაღალია იმის ალბათობა, რომ ზებრაზე გადასვლისას მანქანამ გზა არ დაგითმოთ და გადაჭარბებული სიჩქარით სვლა განაგრძოს. სამწუხაროდ, ამის არა ერთი მაგალითი ყოველდღე გვაქვს.
სტრანსპორტო საცობი, რომელსაც საშუალოზე დაბალი სიჩქარით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქმნის, ავტობუსების ქსელის არასრული დაფარვა, დაგვიანება, შუქნიშნების ნაკლებობა ან არარსებობა,სამთავრობო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურება, გრძელვადიანი გეგმების არ არსებობა - ეს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგების მცირე ჩამონათვალია. "საქართველოს და თბილისის მერიას კვლავ უჭირთ სახელმწიფო და ადგილობრივი ტრანსპორტის განვითარების შეთანხმებული სტრატეგიის განსაზღვრა. ინსტიტუციონალური წყვეტა სატრანსპორტო სექტორში აბრკოლებს შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირებას. საქალაქთაშორისო დაკავშირება არ ექვემდებარება თბილისის მერიის საკანონმდებლო ბაზას და ქმნის ქაოსს ქალაქში, რისი მართვაც რთულია ქალაქის მთავრობის მხრიდან სამართლებრივი მექანიზმების სიმცირის გამო. საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოების სტანდარტები დაბალია. საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციები არსებობს, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. ამ რეგულაციების გატარება ნამდვილად გააუმჯობესებს უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს", - ნათქვამია ანგარიშში.
გააგრძელეთ კითხვა