"მსოფლიოში ამ მიმართულებით პირველები ვართ" - ავადსახსენებელი ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობის ცენტრის ხელმძრვანელის რჩევა

"მსოფლიოში ამ მიმართულებით პირველები ვართ" - ავადსახსენებელი ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობის ცენტრის ხელმძრვანელის რჩევა

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ადამიანები ლეღვის ფოთლის ნახარშით იწვებიან... 4 ასეთი ფაქტი, როგორც უკვე იცით, დამწვრობის ცენტრში წელსაც დაფიქსირდა...

ინტერნეტში, მსოფლიოს მასშტაბით საგულდაგულოდ ვეძებე მსგავსი ფაქტები, მაგრამ დრო ამაოდ დავკარგე. არადა, ლეღვი უძველესი კულტურაა და მის სამშობლოდ მცირე აზიაა მიჩნეული. დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ როგორც ჩანს, არსად მსგავსი რამ თავში აზრად არავის მოსვლია.

მერე დამწვრობის ცენტრის ხელმძრვანელს - გუგა ქაშიბაძესაც ვკითხე, რომელმაც დამიდასტურა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით პირველები ვართ, ასეთი შემთხვევა არსად მომხდარა.

"ვერ გეტყვით იმ ადამიანების, ვინც ლეღვის ნახარშს სხეულზე ისვამს, რა მოტივი აქვთ, ამ თემაზე არც ფსიქოლოგებთან მისაუბრია, მაგრამ ალბათ ყოველ მათგანს ჰგონია, რომ კონკრეტულად ის არ დაიწვება... ახლა ამ პრობლემით კლინიკაში 4 პაციენტი გვიწევს. ზოგს ჰგონია, რომ თხელი ფენა იხმარა და ამიტომ მიიღო დამწვრობა, ვიღაცამ უფრო მაღალი კონცენტრაცია და ზომები ვერ დაიცვა.

ფაქტი ერთია, რომ ლეღვის ფოთლების ნახარშის კანზე წასმა და დამწვრობის მიღება 2X2-ივითაა. დამისახელეთ პიროვნება, ვინც წაისვა და განსაკუთრებული ფერის ნამზეური მიიღო, ბუნებაში არ არსებობს. ნამდვილად არ მეგონა, რომ წელს კიდევ ამაზე მომიწევდა საუბარი.

მსოფლიოში დამწვრობის ცენტრებთან მაქვს ურთიერთობა, არც გამიგია და უცხოელ კოლეგებს სირცხვილით ვერც ვეკითხები, მერიდება. როგორ ავუხსნა, რატომ უნდა მოინდომოს XXI საუკუნის ადამიანმა ლეღვის ფოთლები მოხარშოს და ნახარში სხეულზე წაისვას?! ხელი მაქვს უკვე ჩაქნეული, რადგანაც მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, ამდენი მაგალითისა, ასეთი უცნაური ფაქტები მაინც ხდება.

ჯობია, ლეღვი ხილად მიირთვან, ვიდრე მისი ფოთლები მიიფარონ ან მისი ნახარში წაისვან", - ამბობს ბატონი გუგა.

ლეღვი ხილად გამოიყენეთო სპეციალისტმა ბრძანა და რომც არ ეთქვა, აქამდეც უნდა გვცოდნოდა, რომ მას, როგორც მცენარეს, ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნაყოფი განსხვავებულია ზომით, ფორმით, ფერით. ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი ჯანმრთელი ადამიანისთვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისთვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს.

როგორც უკვე მიხვდით, ამ კულტურით ასე სერიოზულად იმიტომ დავინტერესდით, რომ იმ მოსახლეობას, ვისაც ამაზე საუბარი მაინც სჭირდება, კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ავუხსნათ, რა კეთილმყოფელი გავლენა აქვს ლეღვს, როგორც ხილს და არა იმ უარყოფით მხარეზე გაგვამახვილოთ ყურადღება, რისთვისაც ბოლო დროს მისი ფოთოლის გამოყენება ხდება.

ლეღვი დიდი რაოდენობით B და C ვიტამინებს შეიცავს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქრებს. ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია და კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. კარგია თრომბოზისთვის, ასევე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისას. აქვს ოფლმდენი მოქმედება. ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ...

თუმცა ლეღვის რძე ბოლო დროს მთავარ პრობლემად იქცა. გარუჯვის მიზნით, ლეღვის ფოთლის ნახარშით იწვებიან. ცხადია, მათ არ უფიქრია, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ლეღვის ფოთლების ნახარშის სხეულზე გადავლების შემდეგ მზის გულზე გასვლას. არადა, დამწვრობის პროგნოზირება რთული არ უნდა იყოს, რადგან ამ მცენარის ფოთლებთან შეხებაც კი არასასიამოვნოა, მისი გასრესისას რძე გამოიყოფა, რომლის წებოვნება კანზე დიდხანს რჩება. მაგრამ მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, როგორც ჩანს, ურჩევნიათ, თავად გამოსცადონ... არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ხილს, გონივრული გამოყენების შემთხვევაში, ბევრი სიკეთე მოაქვს...

მას იყენებენ როგორც ნედლად, ასევე მისი გადამუშავებაც ხდება (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია და 50-77% შაქარს შეიცავს. საქართველოში ის ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა გავრცელებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აჭარაში...

ჰოდა, ვჭამოთ, ლეღვი, მოვხარშოთ მისგან გემრიელი მურაბა, ჯემი, დავამზადოთ ჩირი, ოღონდაც, მისი ფოთლების ნახარშს ნუ წავისვამთ სხეულზე, თავს ხომ ვიზიანებთ და ამ საშინელი ფაქტებითა და სტატისტიკით მსოფლისო მასშტაბით თავიც გვეჭრება!

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია