რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ არ დაიხრჩოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ არ დაიხრჩოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

ზაფხულის სეზონზე ზღვისპირა ზოლში და მდინარეებზე ადამიანთა დახრჩობის ფაქტები ხშირია. 11 აგვისტოს ბათუმში 15 წლის ბიჭმა ზღვაში თავი დაიხრჩო, მის გადასარჩენად მაშველები წყალში მალევე შევიდნენ, მაგრამ მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღის წინ სიონის ტბაზე 20 წლის ბიჭი დაიხრჩო. 17 ივლისს ფოთში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. 3 აგვისტოს ქობულეთში დამსვენებელი დაიხრჩო. ის ზღვაში იმ დროს შევიდა, როცა ზღვა ადიდებული იყო... 3 აგვისტოს ქობულეთში ასევე დაიხრჩო ფეხბურთელი აკაკი ჩიბურდანიძე. 4 აგვისტოს უბედური შემთხვევა მოხდა ქობულეთში. ბებია და შვილისშვილი მდინარეში შევიდნენ და ორივე მათგანი წყალმა წაიღო...

რა უნდა გავითვალისწინოთ წყალში შესვლისას ფატალური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი დავით გელაშვილი გვესაუბრება:

- პირველ რიგში უნდა ვიცურავოთ ისეთ ადგილებზე, სადაც ეს ნებადართულია. თბილისში ასეთი ადგილია თემქის ცენტრალური სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. 24 საათის განმავლობაში  კონტროლდება ეს ტერიტორია სამაშველო დანაყოფის მიერ, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და დაყოფილი სექტორებად. თბილისის ზღვის დანარჩენი ტერიტორია საცურაოდ არ არის ნებადართული. რადგან აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული. კლდოვან ნაწილზე დიდი ზომის ლოდებია, აქ ხალხი ხტება ხიდებიდან, მოაჯირებიდან, ხდება ფიზიკური კონტაქტი ლოდებთან და იღებენ ტრავმებს. ამიტომ უნდა ავარჩიოთ ის ადგილები, სადაც ცურვა ნებადართულია, ასევე არსებობს წყალზე ცურვის და წყალზე მცურავ საშუალებებში ქცევის წესები, რომელიც უნდა დავიცვათ.

- რას ნიშნავს წყალზე მცურავი საშუალებებში მოქცევის წესები?

- არის გასაბერი ლეიბები, რგოლები, ფიცრის ნატეხები და ა.შ, რომლებიც წყალზე ტივტივებს. კატეგორიულად აკრძალულია ამ საშუალებების გამოყენება წყალში. ის ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს და ფატალური შედეგი მივიღოთ. მათი გამოყენება მხოლოდ დახურულ და ღია აუზებზე შეიძლება.

- ჯარიმაა დაწესებული წყალში გასაბერი საშუალებებით შესვლაზე?

- ჯარიმა არ არსებობს, მაგრამ მაშველები უკრძალავენ და აფრთხილებენ ხალხს ასეთ შემთხვევაში. მარილიან წყალში განსაკუთრებით აკრძალულია მსგავსი ტიპის ნაკეთობები, რადგან ის აზიანებს, შესაძლოა შეწებების ადგილები გაიხსნას, ჩაიფუშოს და ჩაიძიროს.

- წელს განსაკუთრებით მომრავლდა მდინარეებზე და ზღვაზე დახრჩობის ფაქტები, რითი არის ეს გამოწვეული?

- ყველაფერი ცხელ სეზონთან არის დაკავშირებული. წელს სეზონი გაიზარდა, რადგან ადრე დაცხა, დიდი სიცხეებია. ბევრი წყალთან არიდებს თავს მწველ მზეს, ბევრმა არ იცის ცურვა და წყალზე მოქცევის წესები. ძირითადად ასეთი ფაქტები ხდება, როცა გადახურებული შედის ადამიანი წყალში ან ნაბახუსევია. ბევრმა ცურვა არ იცის და თვითნებურად სწავლობს. ინსტრუქტორის გარეშე წყლის ეკიპირების გამოყენება დაუშვებელია, უკანასკნელი ნაკადის ამსუნთქვის დროს ხდება მილყელის წყალში ტივტივაზე დაცურვა, სპეციალური ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ტემპი აქვს. რაც შეეხება კატერებს და ნავებს, ხშირად მასთან ახლოს მიცურავს ადამიანი და ხდება დასახიჩრება. სამწუხაროდ, საქეიფოდ მიდიან მდინარეებზე და შემდეგ ჩადიან წყალში. ვისაც გულის და სისხლძარღვების დაავადება აქვს მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ წყალთან. ჩვენი სამსახურის გადაწყვეტილებით ბავშვებზე განსაკუთრებული ყურადღება დაწესდება, სპეციალურად შემოსაზღვრული ზოლი იქნება, ბავშვები ხშირად შედიან ადიდებულ ზღვაში და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება არის ბავშვებზე. წელს შავი ზღვის სანაპიროზე უსაფრთხოების მაქსიმალური წესებით ვმუშაობთ, დამატებითი ხალხი და ტექნიკა დავამატეთ, რადგან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი იყოს. 3 ბალის ზევით ცურვა არ შეიძლება.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია